Apple და Amazon მათ სისტემაში ჩინელი ჰაკერების მიკროჩიპებით შეღწევას კატეგორიულად უარყოფენ. ეს განმარტება კომპანიებმა Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ გააკეთეს.
როგორც Bloomberg-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა, ჯაშუშობისთვის საჭირო მიკროჩიპების ინტეგრირება მოხდა იმ დედაპლატებზე, რომლებსაც გამოიყენებენ ამ ამერიკული კომპანიების სერვერები. Bloomberg-ის ინფორმაციით, ეს ინტეგრირება მოხდა სერვერების ჩინეთში აწყობის დროს კომპანიაში Supermicro, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი დედაპლატების მწარმოებელი კომპანიაა.
როგორც Apple-ის განცხადებაში წერია, კომპანია უარყოფს „თითოეულ ასპექტს“, რომელიც მოყვანილია Bloomberg-ის მასალაში და ისინი ძალებს არ იშურებენ, რათა მათი მომხმარებლების მონაცემები იყოს დაცული. „Bloomberg-ის სტატია Apple-ზე არასწორია“, -ხაზს უსვამენ კომპანიაში.
Amazon-შიც ასევე უარყვეს მასალაში გამოქვეყნებული ინფორმაცია. „ჩვენ არასოდეს გვქონია პრობლემა აპარატული უზრუნველყოფის მოდიფიკაციებთან ან მავნე ჩიპებთან“, - წერია კომპანიის განცხადებაში.
კოკა კვირკველია