როცა მომხვეჭელნი "ნიანგის ცრემლებს" ღვრიან...

რომან გოცირიძე: "ე.წ. "სამართლიანობის აღდგენის" ცნებაში დიდი ზომით ჩანდა პოლიტიკა და პოპულიზმი".

დღეს საქართველოში ასეულობით ადამიანი მოითხოვს სამართლიანობის აღდგენას. ამ ადამიანებმა წინა ხელისუფლების დროს დაკარგეს თავიანთი ქონება, ბიზნესი და ახალი ხელისუფლებისაგან მოითხოვენ დაკარგულის დაბრუნებას. ეს მოთხოვნა უსაფუძვლო სულაც არ არის იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეებში ჰპირდებოდა დაზარალებულებს, რომ უკანონოდ წართმეულ ქონებას უკან დაუბრუნებდა. სწორედ ამ პრობლემის შეფასება ვთხოვეთ "საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის" თავმჯდომარეს რომან გოცირიძეს, რომელმაც გვითხრა:

- ბევრი ნაცნობი (და ზოგჯერ უცნობიც) მთხოვს რჩევას, თუ რა პერსპექტივა აქვს მას "სამართლიანობის აღდგენის" მხრივ. უნდა ვაღიარო: ამ ადამიანების 95 პროცენტის შანსი ნულის ტოლია. ერთ, ტიპურ მაგალითს მოვიყვან: ჩემთან, ოფისში მოვიდა ნაცნობი, რომელსაც სურს დაიბრუნოს ერთ-ერთი მსხვილი ბანკის მიერ, მისი აზრით, უკანონოდ წართმეული ქონება. აქვე გაგაცნობთ მის ისტორიასაც: ჰქონდა აწყობილი ბიზნესი და უზარმაზარი სესხი ბანკიდან. დაიჭირეს რაღაც მაქინაციის გამო, თუმცა, ყველას ჰგონია, რომ უდანაშაულოა. ბიზნესი მის გარეშე შეფერხდა, კომპანიამ ვალი ვერ დაფარა და ბანკმა გირაოს სახით ჩადებული ქონება გაუყიდა. შეკითხვაზე - ბანკი რა შუაშია - ასეთი პასუხი აქვს: "ბანკი და პროკურატურა ერთმანეთთან იყვნენ შეკრული, იმიტომ დამიჭირეს, რომ ქონება წაერთმიათ."  ვუთხრა, რომ მისი შანსი ნულია? - არ დაიჯერებს. არადა, შემორჩენილ ფულსაც ტყუილად ხარჯავს ადვოკატებში. სხვა საკითხია, რამდენად სამართლიანად დააკავეს, მაგრამ მონაყოლის მიხედვით, მისი უდანაშაულობა დამაჯერებელი არ იყო... მსგავსი შემთხვევა უამრავია და ყველა ამ ადამიანს აქვს საერთო, აშკარად გამოკვეთილი ფსიქოლოგიური ნიშანი: პირველი - ასპროცენტიანი იმედი, რომ მათთვის ყველაფერი კეთილად დამთავრდება და მეორე - უდანაშაულობის უკრიტიკო განცდა. სამწუხაროდ, ძალიან ადვილია მათი მანიპულირება როგორც პოლიტიკური, ასევე ფინანსური თვალსაზრისით.

- თქვენ ამბობთ, რომ მათი შანსი ნულის ტოლია, რატომ?

- ჯერ ერთი, არავის უთქვამს ზუსტად, სამართლებრივი ენით, რა იგულისხმება "სამართლიანობის აღდგენაში". ამიტომ ამ ცნებას ყველა თავისებურ ინტერპრეტაციას უკეთებს, არგებს საკუთარ წარმოდგენებს, ან იმ კონკრეტულ მაგალითს, რომელიც მას შეემთხვა და დარწმუნებულია, რომ უკანონოდ მოექცნენ. როცა ვამბობ, 95 პროცენტის შანსი ნულია-მეთქი, სულაც არ ნიშნავს, რომ დანაშაულები არ ხდებოდა, მაგრამ რა გინდ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, რაც უფრო მეტს ექნება პრეტენზია საკუთარი სიმართლის დამტკიცებისა, მით უფრო კლებულობს რეალურად დაზარალებულთა საქმეების სამართლებრივი გზით გადაწყვეტის შანსი. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მათი რაოდენობის გამო ამ საქმეების განხილვას ერთი ათეული წელიც არ ეყოფა, მეორეც: ის, რაც მასობრივ ხასიათს ღებულობს, ხშირად პოლიტიკურ საკითხად გადაიზრდება ხოლმე. რაც მეტი იქნება უკმაყოფილო წინა ხელისუფლების მიმართ, მით უკეთესია საარჩევნო პროცესის ლოგიკიდან გამომდინარე, მაგრამ ამ პრინციპით მოქმედება საბოლოო ჯამში მმართველ უმრავლესობას ძალიან ცუდ სამსახურს გაუწევს. მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხს პოლიტიკური სარჩული უნდა ჩამოსცილდეს და დაზარალებულ ადამიანებს თავისი სიმართლის დამტკიცების შანსი სასამართლოზე უნდა მიეცეთ.

- რა გზა არსებობს ამ პრობლემის გადასაწყვეტად და რა გზას ადგას ხელისუფლება?

-ერთადერთი გზა - პრობლემის სამართლებრივი დარეგულირებაა. დაზარალებულთა 99, 9 პროცენტს ქონებრივი საკითხის გადაწყვეტა სურს, ხოლო დანარჩენს - იმ ადამიანების დასჯა, ვინც უკანონობაში მონაწილეობდა. ისინი საპროცესო გარიგებებების დროს შეტანილი თანხის უკან დაბრუნებას ელიან. ვერავინ იტყვის, რომ ყველა საპროცესო გარიგება მხოლოდ უდანაშაულოებთან ფორმდებოდა, თუმცა ვინც მე თავისი საქმე გამანდო, ერთმაც კი არ აღიარა, რომ დამნაშავე იყო. არადა, ეს ნათლად ჩანდა საქმის მასალებიდან. მოკლედ, მათ უნდათ პური და არა - სანახაობა, ხელისუფლება კი სთავაზობს სანახაობას, ანუ - დაჭერებს. თუ თავიდან გულის მოფხანის ეს გზა ბევრს მოსწონდა, ახლა ის უკვე მეორეხარისხოვანი გახდა. ცნობილი ფრაზისა არ იყოს, თუ ადრე ამბობდნენ - "ასფალტი ვჭამოთო", ეს ხალხი მალე იტყვის - ტელედაჭერები ხომ არ უნდა ვჭამოთო?!

-ესე იგი, ამ 95 პროცენტს უბრალოდ ჰგონია, რომ მართალია და თავის სიმართლეს ვერ დაამტკიცებს?

- უკვე ვთქვი: რა მაგალითიც მოვიყვანე, მსგავსი ფაქტი უამრავია. კარგი იქნება, თუ ამ ხალხს უფასო იურიდიული კონსულტაცია ჩაუტარდება და რატომ: რაც მეტი უპერსპექტივო საქმე შევა პროკურატურაში, მით უფრო კარგავს ნამდვილად დაზარალებული ობიექტური განხილვის შესაძლებლობას. თუმცა, გამომდინარე მომჩივანთა ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან, მათი გადარწმუნება ძალიან რთულია. საბოლოო ჯამში ეს ადამიანები ხელისუფლების მტრები გახდებიან და ადვილად მიეკედლებიან იმათ, ვინც ოქროს კოშკებს შეჰპირდება. პოლიტიკაში ასეა, ქმედებას, რომელმაც თუნდაც დადებითი შედეგი მოგიტანა, აუცილებლად მოჰყვება უკუქმედება, თუ ის ობიექტურობაზე არ იქნება დამყარებული. უნდა ვაღიაროთ, რომ ე.წ. "სამართლიანობის აღდგენის" ცნებაში დიდი ზომით იყო პოლიტიკა და პოპულიზმი.

- როგორ შეაფასებდით დღევანდელ სიტუაციას ამ მხრივ?

- მე მესმის მთავრობის სიფრთხილისა: როგორც ჩანს, ისინი ცდილობენ არ გადადგან რადიკალური ნაბიჯები, რომელიც საზოგადოებას კიდევ უფრო გააღიაზიანებს, მაგრამ "სამართლიანობის აღდგენის" ლოზუნგით შეიძლება სხვა დიდ უსამართლობას დაუდონ საფუძველი. ამ დღეებში ერთი ტელეინტერვიუ გახდა საკმაოდ პოპულარული: ამ ინტერვიუში ვითომდა, უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანი, რომელმაც შევარდნაძის დროს 200 მილიონი დოლარის ქონება კორუფციული გზით 200 ათას დოლარად ჩაიგდო ხელში, სამართლიანობის აღდგენაზე წუწუნებდა. ამგვარი მაგალითი უამრავია. სწორედ მსგავსი პრეტენზიები იწვევს ნიჰილიზმს და აფერხებს არაერთი, მართლაც უსამართლოდ დაზარალებული ადამიანის პრობლემის მოგვარებას. ამიტომ ნურავის გაუკვირდება, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევებში "სამართლიანობის აღდგენის" თემა თავისი მნიშვნელობით ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა. როცა უსამართლოდ ქონების მომხვეჭელნი ნიანგის ცრემლებს ღვრიან, როცა ხალხის სიმდიდრის 99 პროცენტი ე.წ. წითელ დირექტორებს და ხელისუფლებასთან მიტმასნილ გავლენიან ჯგუფებს ერგოთ შევარდნაძის "ოქროს ხანაში", მათი ცრემლებისა უკვე აღარავის სჯერა. აჯობებს იმ ადამიანებზე ვიფიქროთ, რომლებმაც მართლა დაკარგეს სიმწრით ნაშოვნი ქონება და სიკეთე, თუმცა, ასეთი უდანაშაულო ადამიანი არც ისე ბევრია, როგორც ზოგ-ზოგიერთებს ჰგონიათ და წარმოუდგენიათ.

ხათუნა ჩიგოგიძე