ახალი სასტუმრო და გაფართოვებული სასრიალო ტრასა - როგორ ემზადება კურორტი გოდერძი ზამთრის სეზონისთვის

2019 წელს კურორტი გოდერძის გაფართოვების სამუშაოები დაიწყება, საუბარია, 200 ჰექტარზე. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „გოდერძი რეზორტსის“ დირექტორმა მალხაზ მახარაძემ განუცხადა.მისივე ინფორმაციით, წელს ტურისტებს ახალი სასტუმრო, მოწესრიგებული შიდა გზები, გაფართოვებული სასრიალო ტრასა და კვების ობიექტიც დახვდებათ.

რაც შეეხება მიმდინარე მშენებლობებს, მისი თქმით, ამ ეტაპზე რამდენიმე სასტუმროს მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. თუმცა კურორტის მდებარეობიდან გამომდინარე, სამუშაოების პერიოდი მაქსიმუმ 5 თვეა და შესაბამისად, ტემპების კიდევ უფრო დაჩქარება ვერ ხერხდება.

„კურორტზე ჩვენ მიერ საცხოვრებელი ან რაიმე მსგავსი ობიექტი არ აშენებულა. ვინც აშენებს, ყველა კერძო შპს არის და ისინი მუშაობის აქტიურ პროცესში არიან. მოგეხსენებათ, ეს გოდერძის უღელტეხილია და არა თბილისი ან ბათუმი, რომ მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდეს სამუშაოები. გოდერძიზე მშენებლობის პერიოდი მაქსიმუმ 5 თვეა. ამ ეტაპზე, მხოლოდ 13-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა სრულდება, რომელიც წელს უკვე დაემატება კურორტს და ტურისტების მიღებასაც შეძლებს. გარდა ამისა, მშენებლობის პროცესშია 7-8 სასტუმრო, რომელთა შორისაა: new time, „ირე პალასი”, ალიანსი, metro goderdzi, mountain sky, ასევე ახლა დაიწყო „ელ ტურის“ მშენებლობა, კიდევ ერთი სასტუმრო კი უკრაინული ინვესტიციით შენდება“,-აცხადებს მალხაზ მახარაძე.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, როგორც „გოდერძი რეზორტსის“ დირექტორი აცხადებს, მიმდინარეობს შიდა გზების მოწყობა, რომელიც მომავალ წელს ცენტრალურ გზას დაუკავშირდება.

„ბაკურიანი შენდებოდა 30 წელიწადი, გუდაური 25 წელიწადი და ჯერ კიდევ შენების პროცესშია. ჩვენ ახალბედა კურორტი ვართ, 3 წელია რაც გავიხსენით და ნელ-ნელა წინ მივიწევთ. კურორტის შიდა გზის დიდი ნაწილი უკვე გაკეთებულია, ახლა 800-მეტრიანი მონაკვეთი კიდევ მივამატეთ. თოვლის მოსვლამდე რასაც მოვასწრებთ, ეს იქნება, მომავალ წელს კი შიდა გზა უკვე ცენტრალურ გზას შეუერთდება. რაც შეეხება, წყალს, შუქს და ა.შ ეს პრობლემა არ ყოფილა და არც ახლაა“,-აცხადებს მალხაზ მახარაძე.

მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა კურორტის გაფართოვების პროექტი, რომლის ტოპ რუკაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა და მომავალ წელს ეს პროცესიც დაიწყება.

„ჯერ-ჯერობით მონახაზები გვაქვს. ჩვენმა შპს-მ ტოპ რუკაზე გამოაცხადა ტენდერი. ეს ხდება იგივე გენერალური გეგმის მიხედვით, რომელიც შეიქმნა 2011 წელს. საუბარია, 200 ჰექტარზე. უშუალოდ სამუშაოებს კი, მომავლი წლიდან დავიწყებთ“,-აცხადებს შპს Goderdzi resorts –ის დირექტორი.

როგორც მალხაზ მახარაძე აღნიშნავს, შესაძლოა, კურორტს წელს კიდევ ერთი კვების ობიექტი შეემატოს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია პროექტის განმახორციელებელ კომპანიასა და მეტეო პირობებზე.

„შარშან ერთი კვების ობიექტი დავამატეთ. ჩვენი ოფისი რაც იყო, ის აუქციონის წესით გავეცით და კვების ობიექტი იყო მოწყობილი. თუმცა, ახლა შენდება 500 კაციანი რესტორანი. თუ სექტემბერ-ოქტომბერში და ნოემბრის დასაწყისში კარგი ამინდები იქნება, სავარაუდოდ, წელს რესტორნის მშენებლობის დასრულებაც მოესწრება, მაგრამ წინასწარ ამის დაანონსებაც არ მინდა. იმიტომ, რომ ჩვენ არ ვაშენებთ, ეს კერძო ინვესტიციაა, დაახლოებით, 4 მილიონი ლარის ოდენობის და მეორეც, ეს დამოკიდებულია ამინდებზე“,-აცხადებს მალხაზ მახარაძე.

მისივე ინფორმაციით, კურორტზე გაფართოვდა სასრიალო ადგილიც: „ მთის კურორტების განვითარების კომპანიამ შარშან მოაწყო პატარა ბაგირი, წელს ამის გადატანა მოხდა გვერდზე და უფრო დიდი მოედანი დაეთმო. დაშვებიც წერტილიც უფრო გრძელი იქნება, დაახლოებით, 200 მეტრი სიგრძის. დამწყებთათვის იდეალური იქნება“,-აღნიშნავს მალხაზ მახარაძე.

ცნობისთვის, სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი 2015 წლის დეკემბერში გაიხსნა.

ნინი ქეთელაური