კომპანია Interbrand -მა ყოველწლიური ბრენდების რეიტინგი Best Global Brands-2018 გამოაქვეყნა. ათეულში ქართულ ბაზარზე წარმოდეგნილი 2 კომპანია, CoCa-Cola და McDonald’s მოხვდა. CoCa-Cola - მეხუთე, ხოლო McDonald’s მეათე ადგილზეა.
აღსანიშნავია, რომ CoCa-Cola აღნიშნულ რეიტინგში ყოველთვის ხუთეულში ხვდება.
რაც შეეხება ლიდერებს, პოზიციას სამი ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი - Apple, Google და Amazon-ი არ თმობს.
რეიტინგის მიხედვით, Apple-ის ღირებულება გასულ წელთან შედარებით 16%-ით არის გაზრდილი და 214 მილიარდ დოლარს შეადგენს, Google-ის 10%-ით,155 მილიარდს, ხოლო, Amazon 56%-ით , 100 მილიარდ დოლარს.
რეიტინგში მეოთხე ადგილზეა ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Microsoft- 93 მილიარდით, ხუთელს ასრულებს ერთადერთი არატექნოლოგიური კომპანია, ამერიკული CoCa-Cola - 66 მილიარდის ღირებულებით.
ათეულის დანარჩენი წევრები არიან: 6. Samsung – 60 მილიარდი, Toyota - 53 მილიარდი, 8. Mercedes-Benz - 49 მილიარდი, 9. Facebook - 45 მილიარდით და 10. McDonald’s - 43 მილიარდი.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც McDonald’s და CoCa-Cola წლებია მსოფლიო ბრენდების ათეულში ხვდებიან, რაზეც "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებელი თემურ ჭყონია ამბობს, რომ ეს არის ხარისხი, ნდობა და რაც მთავარია, კომპანიების გამჭვირვალე საქმიანობა.
„CoCa-Cola უკვე 125 წელია, რაც მსოფლიო ბაზარზეა. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ძალიან სერიოზული საქმე აქვს დაფინანსებული. ისეთები, როგორიცაა, მსოფლიო თუ ოლიმპიური ჩემპიონატები. ერთი პერიოდი „ჰოლივუდის“ დამფუძნებელიც იყო. კინოში ძალიან ბევრი ფული აქვს ჩადებული. უზარმაზარ თანხებს, ძალიან სწორად ხარჯავს მსოფლიო პრობლემების მოგვარებაზეც. მხედველობაში მაქვს, ეკონომიკის, გარემოს დაცვის, კულტურის, ხელოვნების და ა.შ. მიმართულებით. ყველაზე მთავარი კი მისი ხარისხია. ეს არის ხელშეუხებელი თემა. ხარისხი, რომელიც უზარმაზარ ნდობას იმსახურებს მთელს მსოფლიოში. გადახედეთ მსოფლიოს, არ არსებობს ქვეყანა, სადაც CoCa-Cola არ იყოს დომინანტი. ეს არ არის გამოწვეული დიქტატორული ქცევით, ეს არის სიყვარულით მიღებული პროდუქტი. ზუსტად იგივეა საქართველოშიც“,-ამბობს თემურ ჭყონია.
მისი თქმით, არანაკლებია McDonald’s, რომელსაც სკეპტიკოსები მავნე პროდუქტად მოიხსნებენ, თუმცა, როგორც თემურ ჭყონია აღნიშნავს, კომპანიისთვის უმთავრესი ჯანსაღი და სუფთა პროდუქტია, ზომიერების დარღვევით კი ადამიანისთვის ნებისმიერი საკვები მავნებელია.
„უამრავი სკეპტიკოსია, რომელიც ამბობს, რომ McDonald’s-ის პროდუქტი მავნებელი და ა.შ. თუ ბევრი ჭამე, ყველაფერი შეიძლება გახდეს მავნებელი, ზომიერება უნდა დაიცვას ადამიანმა. McDonald’s-ს 33 000 ქსელი აქვს მსოფლიოში. მისი ძირითადი ფილოსოფია არის ჯანმრთელი, ხარისხიან პროდუქცია, რაც პირდაპირ აისახება რესტორნის სერვისზე. მაგალითისთვის გეტყვით, ზაფხულში უამრავი ტურისტი ჩამოდის საქართველოში და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი ქართული სუფრის მენიუ, ამ პერიოდში McDonald’s-ს რეალიზაცია 3-4-ჯერ იზრდება. არ არსებობს ტურისტი, რომელიც არ შედის ჩვენი რესტრნების ქსელში. ხანდახან იმასაც ამბობენ, მიჩვევა იცისო, მაგრამ მიჩვევა იცის კარგმა, ცუდს რატომ მიეჩვევი?“-აღნიშნავს თემურ ჭყონია.
მისივე თქმით, ორივე კომპანიის შემთხვევაში, ერთ-ერთი უმთავრესი ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილი წვლილია. ამის ერთ-ერთ მაგალითად კი, საქართველოში დასაქმებულ ადამიანებს ასახელებს.
„ეს არის გამჭვივალე, სუფთა ბიზნესი. მოიძიეთ რესტონების ქსელები, რომელიც ასეთ დიდ როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკაში. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჩვენთან გამოცდილება 7500 ახალგაზრდას აქვს მიღებული და უამრავ რესტორანში მენეჯერებად არიან დაწინაურებული. ვერ ნახავთ ვერცერთ სადისტრიბუციო კომპანიას, რომლის პერსონალსაც „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაში“ ცოტახანი მაინც არ აქვს ნამუშევარი. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ეს ორი კომპანია წლებია მსოფლიო ბრენდების ტოპ ათეულში არიან“,- აცხადებს თემურ ჭყონია.