ეტაპობრივად გაიზრდება ხელფასები და ჩვენს მასწავლებლებს ექნებათ ისეთი პირობები, როგორსაც ეს საპატიო პროფესია იმსახურებს,- ამის შესახებ საქართველოს პერმიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც მასწავლებლებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა. მამუკა ბახტაძის თქმით, მასწავლებლობა ყველაზე საპატიო და საპასუხისმგებლო პროფესიაა.
„მინდა საქართველოს ყველა მასწავლებელს მივულოცო პროფესიული დღესასწაული, მასწავლებელთა საერთაშორისო დღე. მასწავლებლობა ყველაზე საპატიო და საპასუხისმგებლო პროფესიაა. ეს ის ხალხია, ვინც თაობებს უზრდის ქვეყანას და სწორედ მათზეა დამოკიდებული, რამდენად განათლებული ახალგაზრდობა გვეყოლება. განათლება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ ვატარებთ ძირეულ რეფორმებს იმისათვის, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდოს განათლების ხარისხი და გვყავდეს განათლებული თაობები, რომლებიც თვისებრივად შეცვლიან ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და თავიანთი მიღწევებით წარმატებულს გახდიან საქართველოს. ამ მიზნის მიღწევაში კი თითოეული მასწავლებლის როლი განუზომლად დიდია. განათლების რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, მასწავლებლის პროფესიის მეტად დაფასებას გულისხმობს. ეტაპობრივად გაიზრდება ხელფასები და ჩვენს მასწავლებლებს ექნებათ ისეთი პირობები, როგორსაც ეს საპატიო პროფესია იმსახურებს.
მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო უდიდესი პატივისცემა ყველა მასწავლებლის მიმართ და მოგილოცოთ დღევანდელი დღე“, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.