ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიკაცია, რათა მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოვიზიდოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამერიკულ WSJ Frontiers-თან ინტერვიუში განაცხადა.
მთვარობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველომ, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად დაუღალავი ძალისხმევის და ევროპასა და დასავლეთ აზიას შორის ხელსაყრელი მდებარეობის წყალობით, ადგილი დაიმკვიდრა, როგორც აღმავლობის გზაზე მდგარ ქვეყნებში ინვესტორებს შორის ძალიან პოპულარულმა ადგილმა.
WSJ Frontiers-ი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ესაუბრება მთავრობის გეგმებზე, საქართველოს რეგიონის ფინანსურ, ბიზნესის, ლოგისტიკურ, ტურისტულ და საგანანმანათლებლო ცენტრად გარდაქმნასთან დაკავშირებით. ჟურნალისტის კითხვას, გრძელდება თუ არა რეფორმები მსოფლიო რეიტინგებში საქართველოს პოზიციების შემდგომი გაუმჯობესებისთვის, პრემიერი პასუხობს, რომ იგეგმება გადასახადების კიდევ უფრო შემცირება.
“ჩვენ ვგეგმავთ არა მხოლოდ კორპორატიული გადასახადების გაუქმებას საქართველოში მომუშავე საერთაშორისო კომპანიებისთვის, არამედ ამ კომპანიებში მომუშავე პირების ინდივიდუალური საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებასაც. რადგანაც საქართველოს ბაზარი მცირეა, ვცდილობთ უფრო ეფექტიან ინტეგრირებას გლობალურ ეკონომიკაში. რეგიონში ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება როგორც ჩინეთთან, ისე ევროკავშირთან. ჩვენ ვემხრობით მცირე მთავრობის იდეას - სულ ახლახან ჩვენ ათამდე შევამცირეთ სამინისტროების რაოდენობა. გარდა ამისა, ვცდილობთ ჩვენი მომსახურების ციფრულ რეჟიმში სრულ გადაყვანას", - აცხადებს პრემიერი.
ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა, რა კეთდება სიღარიბესთან საბრძოლველად. "როდესაც ჩვენ წამოვიწყეთ ჩვენი რეფორმები, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელსაც ჩვენ წავაწყდით, იყო სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი. დღეს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15%-ია, თუმცა შესაძლებელია მისი კიდევ უფრო მნიშვნელოვნად შემცირება. თუკი შევხედავთ ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის სტრუქტურას, დავინახავთ, რომ იგი საკმაოდ ინკლუზიურია. ერთ-ერთი მთავარი რეფორმა, რომელსაც ვაგრძელებთ, ეხება განათლების სექტორს. ჩვენ გვინდა ადამიანური კაპიტალის გაზრდა 20%-მდე, ხოლო განათლების წილისა მთლიან შიდა პროდუქტში - 10-11%-მდე. ჩვენ გვსურს, ბიზნესსა და განათლებას შორის კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდეს",- აცხადებს მამუკა ბახტაძე.
WSJ Frontiers-ის ჟურნალისტის კითხვას, რაზე მახვილდება განსაკუთრებული ყურადღება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით, პრემიერი პასუხობს, რომ მთავრობის ურყევი გადაწყვეტილებაა ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიკაცია, რათა მოვიზიდოთ მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია.
"შარშან დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი - მთლიანი შიდა პროდუქტის 12%. ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე კომპანიების პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, რათა შეიქმნას მეტი დამატებითი ღირებულების მატარებელი პროდუქტი, რადგანაც ჩვენი მიზანია დამწყები ბიზნესებისთვის უკეთესი გარემოს შექმნა",- აცხადებს მამუკა ბახტაძე ინტერვიუში, რომელიც WSJ Frontiers-ს აშშ-ში ვიზიტისას მისცა.