რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესება გამორიცხული არ არის.
„რაც შეეხება სავიზო ლიბერალიზაციას, როგორც მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ 2015 წელს სავიზო რეჟიმი საქართველოსთან არსებითად გამარტივდა და პრინციპში, დღეს საქართველოს ნებისმიერ მცხოვრებს შესაძლებლობა აქვს ვიზა მიიღოს. პერსპექტივაში არ გამოვრიცხავთ უვიზო რეჟიმის დაწესებას. სხვა საქმე ის არის, რომ ამის პრაქტიკული განხორციელება ჯერ რთულია. აღნიშნულს ხელს დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა უშლის. ასევე ამაზე მოქმედებს მსოფლიოში რთული ვითარება, რაც განპირობებულია ტერორისტული და სხვა საფრთხეების ზრდით და არალეგალური მიგრაციის პრობლემებით. რა თქმა უნდა, ამის გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა გაზეთ „იზვესტიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში.