„დელტამ“ შესაძლოა, უპილოტო თვითმფრინავები და ვერტმფრენებიც გამოუშვას. აღნიშნულის შესაძლებლობაზე საუბარია „ინტერპრესნიუსის“ მიერ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასგან“ გამოთხოვილ ინფორმაციაში.
„დელტამ“ სააგენტოს ინფორმაცია მოაწოდა ცენტრის მიერ წარმოებულ პროდუქტებთან დაკავშირებით. ეს პროდუქტებია: მრავალფუნქციური ჯავშანმანქანა „დიდგორის“ სხვადასხვა მოდიფიკაციები, მათ შორის საპატრულო ჯავშანმანქანა "დიდგორი 1“, სადაზვერვო „დიდგორი 3“, „დიდგორი მედევაკი“, „დიდგორი მეომარი“, ინტეგრირებული ქსელების ჯავშანმანქანა, ქვეითთა საბრძოლო მანქანა“ლაზიკა“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა რს-122, შეჯავშნული საინკასაციო ჯავშანმანქანები, სპეციალური პროგრამით საინჟინრო განაღმვითი სამუშაოებისთვის შეჯავშნული ბულდოზერები, დიარმერები, დისრაფტორები და სხვადასხვა კალიბრის ნაღმმტყორცნები, სხვადასხვა ტიპის საცეცხლე მოდულები.
„მუშაობა მიმდინარეობს უპილოტო თვითმფრინავების და ვერტმფრენების მიმართულებითაც“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე განმარტებით, სერიულ წარმოებაშია ჩაშვებული ჯავშანჟილეტების და ჩაფხუტების რამდენიმე მოდიფიკაცია, მათ შორის საარმიო და სპეცდანიშნულების ეგრეთ წოდებული „ფლეით ქერიერები“, რომლებიც ქართული ჯარის შეიარაღებაშია და აქტიურად გამოიყენება შეიარაღებულ ძალებში. მუშაობა მიმდინარეობს ცეცხლსასროლი და მხარდამჭერი შეიარაღების მიმართულებითაც. მათ შორისაა ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი რპგ-7, ხელის ბიკალიბრული უხმაურო ნაღმმტყორცნი GNM-60. ასევე სხვადასხვა კალიბრის სნაიპერული შაშხანების, ავტომატური იარაღის და პისტოლეტების ექსპერიმენტული ნიმუშები. როგორც ცენტრში განმარტავენ, მნიშვნელოვანი წარმატებებია სნაიპერული შაშხანების სფეროშიც.
„ამ დროისთვის სსსტც „დელტა“ მუშაობს როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამხედრო ტექნიკის, ინდივიდუალური დაცვის სისტემებისა და აღჭურვილობით უზრუნველყოფის მიმართულებით, ისე ეროვნული წარმოების თანამედროვე სტანდარტებს მორგებული სამხედრო ტექნიკისა და პროდუქციის პროექტირებისა და ცენტრის მიერ წარმოებული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გატანის მიმართულებითაც.
ამბიციური პროექტი იყო თანამედროვე ავტომატიზირებული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაც, რომელიც კახეთში 2015 წელს დამონტაჟდა. მიუხედავად სისტემის სირთულისა „დელტას“ სპეციალისტებმა ის უმოკლეს ვადებში დაამზადეს და დღეისათვის კახეთის რეგიონში სეტყვისგან მიყენებულ ზარალს 8-10 ჯერ ამცირებს, რაც დასეტყვილი ფართობების და მიყენებული ეკონომიკური ზარალის მნიშვნელოვან კლებაში გამოიხატება.
2018 წლის 26 მაისს „დელტამ“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქართულ საზოგადოებას წარუდგინა უახლესი ქართული ჯავშანმანქანა დიდგორი მეომარის პირველი პროტოტიპი. „მეომარი“ დიდგორის ტიპის ჯავშანმანქანების ოჯახის მორიგი მოდიფიკაციაა, თუმცა ის სრულიად ახალი კონცეფციის მიხედვით არის შექმნილი და განსხვავებული ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები გააჩნია, რაც ჯავშანდაცულობის, ერგონომიულობისა და სავალი მაჩვენებლების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებაში გამოიხატება.
„მეომარის“ კონსტრუქცია სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება, ესენია უნიფიცირებული სავალი ნაწილი, ჯავშანკაფსულა, რომელშიც 5 კაცი თავსდება და უკანა მოდულური ნაკვეთური, სადაც სხვადასხვა ტიპის შეიარაღების ან სადაზვერვო დანიშნულების მოდული მონტაჟდება.
მანქანის განსხვავებული მოდიფიკაციის მიხედვით, უკანა ნაწილში შესაძლებელია სადესანტო ნაკვეთური ან სატვირთო ძარა დამონტაჟდეს“, - აცხადებენ „დელტაში“.
გარდა ამისა, „დელტა“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან და და ავსტრიულ სახანძრო და სამაშველო აღჭურვილობის მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია „როზენბაუერთან“ ერთად ახორციელებს 2 სახეობის სახანძრო დანიშნულების ავტომანქანის შექმნის პროექტს, რომელთა პირველი პროტოტიპები გამოჩნდება 2019 წლის დასაწყისისთვის.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ წარმომადგენელთა მიერ კომპანია „როზენბაუერთან“ მიღწეული შეთანხმების შედეგად აღნიშნული მანქანების საამწყობო-საწარმოო ოპერაციები განხორციელდება ავსტრიულ სახანძრო და სამაშველო აღჭურვილობის მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია „როზენბაუერთან“ ერთად „დელტას„ საწარმოო ბაზაზე. შედეგად საქართველოს ექნება საკუთარი წარმოების სახანძრო ტექნიკა“, - აცხადებენ „დელტაში“.