საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი DCFTA-ის საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარედ აირჩიეს.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ცნობით, ნინო ჩიქოვანის თავმჯდომარედ არჩევა ჯგუფის რიგით მე-6 შეხვედრაზე შედგა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე დაესწრო.
მათივე ცნობით,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ჯგუფს 1 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს, ხოლო მისი მოადგილე ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კაჭარავა იქნება.
„შეხვედრის მონაწილეებს გენადი არველაძემ ინფორმაცია მიაწოდა DCFTA-ის ვალდებულების შესაბამისად, სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების და მისი ამოქმედების ვადების შესახებ. მან ასევე ხაზი გაუსვა ამ თემასთან დაკავშირებით ბიზნეს-სექტორის დროული ინფორმირების მნიშვნელობას.
ნინო ჩიქოვანმა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის DCFTA საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის და ამ პროექტის შედეგების შესახებ გააკეთა პრეზენტაცია. აღნიშნული პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით უკვე მეორე წელია მიმდინარეობს. საინფორმაციო ცენტრის ოფისები მუშაობს ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და გორში.
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია 2018 წლის განმავლობაში DCFTA-ს სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ. საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ჯგუფის წევრების მიერ დაყენებული საკითხები და სხვადასხვა სახის წინადადება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს DCFTA-ის განხორციელების პროცესს, კერძო სექტორის მეტ ჩართულობას ამ პროცესში და ზოგადად ცნობიერების ამაღლებას DCFTA-სთან დაკავშირებულ საკითხებზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი - საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლები.