სასმელი წყლის შადრევნებს თანამედროვე ტიპის, წყლის ჩამკეტი ონკანები დაუმონტაჟდებათ. თბილისის მერიის შპს ,,ეკოსერვის ჯგუფმა“, სასმელი წყლის რაციონალური ხარჯვის მიზნით, უკვე 300 ერთეული ონკანი შეიძინა.
დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, სკვერებსა და პარკებში ონკანების მონტაჟი უკვე დაწყებულია და რამდენიმე დღეში დასრულდება.
ჩამკეტი ონკანები უკვე დამონტაჟდა რიყის პარკის, ვაკის პარკისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სასმელი წყლის შადრევნებზე.
უახლოეს დღეებში იგეგმება რუსთაველის გამზირის, შარტავას ქუჩის, წურწუმიას ქუჩის, მზიურის პარკისა და მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე სკვერში არსებული სასმელი წყლის შადრევნების შეკეთება და ახალი ონკანებით აღჭურვა.
შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ ჩამკეტ ონკანებს დედაქალაქის გამგეობებს გადასცემს, რათა წყლის რაციონალური ხარჯვა თბილისის მასშტაბით იყოს უზრუნველყოფილი.