"ცინცაძე-კარტოზიას ესტაკადის მშენებლობა ოქტომბრის ბოლოს დასრულდება"

ცინცაძის და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია და უახლოეს დღეებში გზის საფარის დაგება დაიწყება.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს სამუშაობის დათვალიერების შემდეგ განუცხადა, ესტაკადის მშენებლობა ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

„ცინცაძე-კარტოზიას გადასასვლელი პანდუსი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ძალიან მალე დასრულდება. ამ კონკრეტულ მონაკვეთს მიეცემა შესაძლებლობა განიტვირთოს და ავტომობილების გადაადგილება თავისუფლად იყოს შესაძლებელი. ოქტომბრის ბოლოს სამუშაოები მთლიანად დასრულდება; მოეწყობა ხელოვნური, გამწვანებული კუნძულები, დაირგვება ახალი ნარგავები, ხეები და მგონია, რომ მართლაც ლამაზი პროექტი გამოვა, რომელიც 3 მილიონი ლარი ჯდება“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილესთან ირაკლი ბენდელიანთან და მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელთან, გაგი ბუაძესთან ერთად, საბურთალოს რაიონში, ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, გზაგამტარი უზრუნველყოფს ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მოძრაობას, განტვირთავს საცობებს საბურთალოს რაიონის ცენტრალურ ნაწილში და შეამცირებს ტრანსპორტის გადაადგილების დროს. სამშენებლო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „construction service“ აწარმოებს. ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობაზე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 2 968 952 ლარი დაიხარჯება.