ვინ არის ქართველი ავტოდიზაინერი, რომელიც ცნობილი ბრენდებისთვის პროექტებს ქმნის

„არასდროს არ უნდა დაკმაყოფილდე მიღწეულით და უნდა შეგეძლოს შენივე ესკიზების კრიტიკულად შეფასება“, - ასე აფასებს ავტოდიზაინერი გიორგი თედორაძე საკუთარ თავს.

autobild.ge გთავაზობთ ინტერვიუს გიორგი თედორაძესთან. 

როდიდან დაიწყე პროფესიონალურ დონეზე ავტოდიზაინზე მუშაობა?

ჩემი ძირითადი სამუშაო მიმართულება ინდუსტრიული დიზაინია. საქართველოში ძირითადად შეფუთვის და ავეჯის დიზაინზე ვმუშაობ. რაც შეეხება ტრანსპორტის დიზაინს, კონკრეტულად ამ კუთხით პროფესიული განათლება არ მიმიღია, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში სწავლის სურვილი და ინტერნეტთან წვდომა საკმარისია. მთავარია იცოდე, სად რა ეძებო. რთულია იმის თქმა, რამდენად პროფესიონალურ დონეზე ვმუშაობ ტრანპორტის დიზაინის მიმართულებით, რადგან პროფესიონალიზმს განსაზღვრავს იდეის მასშტაბურობა და ორიგინალურობა, ხოლო იდეის შეფასება ძალიან ცოტას შეუძლია. მაღალ დონეზე სამუშაოდ საჭიროა უნარების დახვეწა და საკუთარი ნამუშევრების გამუდმებული სრულყოფა. არასდროს უნდა დაკმაყოფილდე მიღწეულით და უნდა შეგეძლოს შენივე ესკიზების კრიტიკულად შეფასება. ეს არის ყველაზე სწორი გზა განვითარებისთვის.

რას ითვალისწინებ კონკრეტული მოდელების შექმნისას, უკვე არსებულ დიზაინზე ცვლი ფორმებს, თუ ხშირად ისინი რადიკალურია და სრულიად განსხვავებული „დედანისგან"?

ახალი მოდელზე მუშაობისას მე ყოველთვის ვითვალისწინებ ბრენდის ისტორიას. რადიკალურად განსხვავებული დიზაინის შექმნა არ შეიძლება, რადგან ავტომწარმოებელს, რომელზეც მუშაობ, აქვს თავისი სახე. შეიძლება შექმნა რადიკალურად განსხვავებული ძარის ფორმა, ან რომელიმე დეტალი შეცვალო რადიკალურად, მაგრამ “მერსედესი” უნდა გავდეს “მერსედესს”. ყველა ბრენდს აქვს თავისი დიზაინის ენა, რომელიც გამოიხატება ტრადიციულ ელემენტებში. ამ ელემენტების რადიკალური ცვლილება ბრენდს დაუკარგავს სახეს. ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ესაა, რომ შექმნა რაღაც ახალი ისე, რომ არ დაკარგო მარკის სახე. დიზაინში ყველა ინოვაცია ისე უნდა იყოს წარმოდგენილი, რომ მომხმარებელმა ის აღიქვას როგორც ერთიანი და გასაგები.

ხომ არ გქონია მცდელობა, რომ ისინი მიგეწოდებინა თავად მწარმოებლებისთვის?

არა, არასოდეს. ტრანსპორტის დიზაინი, როგორც პროფესია, საკმაოდ რთული და კომპლექსური პროფესიაა. არსებობს უამრავი ტექნიკური შეზღუდვა, რომელსაც გვერდს უბრალოდ, ვერ აუვლი, ასევე მნიშვნელოვანია მარკეტინგი და პროექტის ბიუჯეტი. ამიტომ ინოვაციური დიზაინი გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული. ბევრს დიზაინის სამყაროს შესახებ ძალიან გადაჭარბებული წარმოდგენები აქვს, რეალობა კი აბსოლუტურად განსხვავებულია. დღეს ძალიან ცოტა ბრენდია მსოფლიოში, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დიზაინს. სხვადასხვა მწარმოებლის ავტომობილებზე დაკვირვებაც კი საკმარისია, რომ მიხვდე, თუ როგორი დამოკიდებულებაა კომპანიაში დიზაინის მიმართ. აქედან გამომდინარე ძალიან ცოტაა ისეთი ბრენდი, სადაც ვისურვებდი მუშაობას.

რომელ ბრენდებზე მუშაობ ძირითადად და რა არის შენი ინსპირაციის წყარო?

არ მაქვს ასე გამოკვეთილი რომელიმე ბრენდი, რომელზეც გამუდმებით ვმუშაობ. ვცდილობ, მრავალფეროვანი იყოს არჩევანი, ასე უფრო საინტერესოა, მაგრამ რა თქმა უნდა, მყავს ფავორიტი ავტომწარმოებლები. მაგალითად, ჩემთვის ძალიან საინტერესოა Aston Martin-ი, McLaren, Land Rover და BMW, ასევე ბოლო პერიოდში ძალიან მომწონს Volvo-ს განახლებული სამოდელო რიგი.

ჩემი ინსპირაციის წყარო არის კოსმოსი და კოსმოსური ხომალდები, კარგი მუსიკა და საინტერესო ადამიანები. ზოგადად დიზაინერისათვის ყველაფერი, რაც მის გარშემოა, ინსპირაცის წყაროა. სხვადასხვა მოვლენები გავსებს ემოციებით, რომლებიც შემდეგ გარკვეული სახით ვლინდება ნამუშევრებში. დიდი მნიშვნელობა აქვს მოგზაურობას, რაც უფრო მეტს ნახულობ და რაც უფრო მეტი გესმის, მით უფრო მეტად ფართოა შენი თვალსაწიერი. 

(იხილეთ გაგრძელება)