2019 წლის 1-ელი დეკემბრიდან ნარჩენების მართვის კოდექსში შედის ცვლილება, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ

2019 წლის 1-ელი დეკემბრიდან ნარჩენების მართვის კოდექსში შედის ცვლილება, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მონისტრის მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ „ექსპო ჯორჯიაში" განაცხადა, სადაც აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით ბიზნეს სექტორთან და საკითხით დაინტერესებულ სხვა პირებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

აღნიშნული ცვლილების პრინციპია, რომ გარკვეული პროდუქტების მწარმოებელმა და იმპორტიორმა კომპანიებმა საკუთარი პროდუქტის ნარჩენის გადამუშავება თავად უზრუნველყონ. როგორც კერესელიძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ უმტკივნეულოდ ჩაიაროს და სწორედ ამიტომ გაიმართება საჯარო დისკუსიები.

„მწარმოებლის ვალდებულების გაფართოება ეხება სპეციფიურ ნარჩენებს. ეს არის სხვადასხვა ნაკადი, მაგალითად შეფუთვის ნარჩენები, როგორიცაა პლასტმასი, მუყაო, ქაღალდი და ა.შ. ასევე ეხება ელქტრონულ ნარჩენებს, ხმარებიდან ამოღებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, ზეთებს, აკუმულუტორებს. სამინისტრომ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ევროკავშირის, შვედეთის მთავრობისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის დახმარებით თითოეულ ნაკადზე შეიმუშავა კანონქვემდებარე აქტები, რომლითაც დარეგულირდება ამ ნაკადებთან დაკავშირებული მართვის საკითხები", - განაცხადა კერესელიძემ.

მისივე თქმით, 2019 წლის 1-ელი დეკემბრიდან შედის ძალაში ეს პრინციპი ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით. „მთავარი ვალდებულებაა, რომ რა ნარჩენებიც ჩამოვთვალე, იმ ტიპის პროდუქციის მწარმოებელი და იმპორტიორი თავად არის ვალდებული მართოს ეს ნარჩენები", - განაცხადა კერესელიძემ.

ექსპერტმა გარემოს დაცვის საკითხებში ხათუნა გოგალაძემ კი აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ორი სახის ვალდებულება არსებობს: ფინანსური და ფიზიკური. ფინანსური ვალდებულება კომპანიებმა უნდა აიღონ, ხოლო ფიზიკური მუნიციპალიტეტებმა.

„მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება გულისხმობს, რომ მწარმოებელი ან ამა თუ იმ პროდუქციის იმპორტიორი, ვალდებული ხდება, რომ აიღოს პასუხისმგებლობა მის მიერ შემოტანილი ან ნაწარმოები პროდუქციისგან მიღებულ ნარჩენზეც. მთელი პრინციპი არის ეს. ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ მწარმოებელზე ჩამოკიდებული ვალდებულება იქნება. აქ განვასხვავებთ ჩვენ ფინანსურ ვალდებულებას ფიზიკური ვალდებულებისგან. ფინანსურ ვალდებულებას სწორედ მწარმოებლისგან შექმნილი ორგანიზაციები იღებენ, ხოლო ფიზიკურ ვალდებულებას, ანუ ნარჩენის სეპარირებულად შეგროვებას - მუნიციპალიტეტების დასუფთავების სერვისები", - განაცხადა ექსპერტმა.