„ქართულ კომპანიებს უფრო მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს ხელშეწყობა“ - ლევან სილაგავა უცხოური კომპანიებისთვის შესაძლო შეღავათების დაწესებაზე

პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივას, რომელის მიხედვითაც უცხოელი ინვესტორებისთვის გარკვეული შეღავათების დაწესება იგეგმება, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი იწონებს.თუმცა, ლევან სილაგავა თვლის, რომ ამით ქართული კომპანიების არასამართლიან გარემოში ჩაყენება მოხდება. მისი თქმით, რაც მეტი უცხოური ინვესტიცია განხორციელდება ქვეყნისთვის კარგია, მაგრამ მაშინ, როდესაც ადგილობრივი წარმოების წახალისებაზეა საუბარი, ქართული კომპანიებისთვისაც მსგავსი შეღავათები უნდა დაწესდეს.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნულის შესახებ WSJ Frontiers -თან რამდენიმე დღის წინ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაცია მთავრობის ურყევი გადაწყვეტილებაა, რათა მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდეს.

პრემიერის თქმით, მსოფლიო რეიტინგებში საქართველოს პოზიციების შემდგომი გაუმჯობესებისთვის, გადასახადების კიდევ უფრო შემცირება იგეგმება.

„ჩვენ ვგეგმავთ არა მხოლოდ კორპორატიული გადასახადების გაუქმებას საქართველოში მომუშავე საერთაშორისო კომპანიებისთვის, არამედ ამ კომპანიებში მომუშავე პირების ინდივიდუალური საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებასაც. რადგანაც საქართველოს ბაზარი მცირეა, ვცდილობთ უფრო ეფექტიან ინტეგრირებას გლობალურ ეკონომიკაში, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა ამბობს, რომ ინიციტივა კარგია, თუმცა გათვალისწინებული უნდა იყოს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი.

„კერძოდ, ყველა მსგავს გადაწყვეტილებას უნდა მოჰყვებოდეს რეგულაციის გავლენის შეფასება (RIA). სავარაუდოდ, პრემიერის ინიციატივის პლუსები და მინუსები უნდა იყოს გათვლილი. ზოგადად, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიცია, როგორც სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის, ისე ცნობადობის თვალსაზრისით. როდესაც უცხოელი ინვესტორები ჩვენთან ჩამოდიან, ამას სხვებიც უყურებენ და აფასებენ, ეს მათთვის მაგალითის მიმცემია. ინვესტორი ირჩევს იმ ქვეყნებს, სადაც მისთვის შესაფერი პირობები არსებობს. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია „ფულიანი“ ადამიანები ჩვენთან ჩამოვიდნენ და ინვესტიციები აქ ჩადონ. თუმცა, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ იმ სპეციალისტებს, რომელიც ჩვენ არ გვყავს, ტექნიკური პერსონალი ან უმაღლესი კატეგორიის მენეჯერები, ინვესტორები თავად ჩამოიყვანენ. ამიტომ, ყველა პირობაში უნდა ჩაიდოს, რომ პირველ რიგში დასაქმდნენ ის სპეციალისტები, რომელიც საქართველოში არიან. ეს პირობა ზოგადად მიღებული პრაქტიკაა და ინვესტორების სხვადასხვა ქვეყანაში შეშვების მოტივაცია სწორედ ესაა, რომ დასაქმება გაიზარდოს“,-აცხადებს ლევან სილაგავა.

კითხვაზე, პრემიერის ინიციატივა რამდენად სამართლიან გარემოს შექმნის ქართული კომპანიებისთვის, ლევან სილაგავა პასუხობს, რომ თავისთავად არასამართლიანს და მთავრობას ანალოგიური შერავათების შემოღებას ადგილობრივი მწარმოებლებისთვისაც ურჩევს.

„თავისთავად ქართულ კომპანიებს უფრო მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა, განსაკუთრებით, ეს ეხება საშუალო და მცირე ბიზნესს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო შესყიდვების თემა, რაზეც არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სახელმწიფოს ფული, რომელიც გამოყოფილია 4 მილიარდი ლარის ოდენობით, ადგილობრივი წარმოებისთვის უნდა იყოს. იმათთვის, ვინც კონკურენტუნარიანია ბაზარზე, რათა გარკვეული წახალისება ჰქონდეს. შესაბამისად, კარგი იქნებოდა, რომ მთავრობამ შემდეგი ინიციატივა, მსგავსი განვითრების მიმართულებით, ქართული კომპანიებისთვისაც წარმოადგინოს“, - აცხადებს ლევან სილაგავა.

ნინი ქეთელაური