საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი საქმიანობების განმახორციელებელ იურიდიულ პირებს, რეგისტრაცია დროულად გაიარონ.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, 5 ოქტომბრის მდგომარეობით, საქმიანობათა რეგისტრაციის თაობაზე მხოლოდ 38 809 განცხადებაა შემოსული. ამასთან, სახეზეა მომართვიანობის მკვეთრი კლება. კერძოდ, 28 სექტემბერს საქმიანობის რეგისტრაციის განცხადებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 19 064; 1 ოქტომბერს - 3306; 2 ოქტომბერს - 2128, ხოლო 3 ოქტომბერს 1729, 4 ოქტომბერს - 1576, 5 ოქტომბერს - 1525 პირმა მიმართა.
„ვინაიდან იმ პირთა ოდენობა, ვისაც კანონი განმეორებით რეგისტრაციას ავალდებულებს, გაცილებით აღემატება უკვე რეგისტრირებულთა ოდენობას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ყველას, დროულად მიმართონ იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტრებსა და საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებს და გაიარონ რეგისტრაცია.
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ყოველი პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია. აკრძალულია მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე განხორციელება,“-აღნიშნულია საჯარო რეესტრის ინფორმაციაში.