თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი კი არ მცირდება, იზრდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში კაპრალებს, სერჟანტებს, ოფიცრებს და მასში მონაწილე ყველა პირს, ასევე მწვრთნელებს ხელფასები გაეზრდებათ.
“ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი იზრდება 10 მილიონით ანუ 2018 წლის ბიუჯეტი იყო 780 მილიონი, 2019 წლის კი, 790 მილიონია. 2018 წლის ბიუჯეტს ფრანგული პროექტით გათვალისიწინებული თანხა დაემატა, რაც ასევე დაემატება 2019 წლის ბიუჯეტსაც. შესაბამისად, ჯამში, ბიუჯეტი კი არ მცირდება, იზრდება, ოღონდ ამაში გათვალისწინებულია როგორც ძირითადი ბიუჯეტი, ისე ე.წ. ფრანგული პროექტით გათვალისწინებული თანხები. ჩვენ ფრანგულ მხარესთან აქტიურ კონსულტაციებს გავდივართ. უახლოეს მომავალში დაზუსტდება ძირითადი თანხები და ბიუჯეტის პროექტის შემდგომი მოსმენისათვის უკვე კორექტიებული პროექტი იქნება წარმოდგენილი. როგორც გაჟღერდა, დაახლოებით 70 მილიონი ლარია, შესაძლოა იყოს მეტი. ეს არის საქართველოს მთავრობასა და ფრანგულ მთავრობას შორის გაფორმებული კონტრაქტი, რომელიც გულისხმობს საჰაერო თავდაცვის სისტემების განვითარებას საქართველოში. რაც შეეხება საბიუჯეტო პროექტის სახელფასო ნაწილს, სახელფასო ნაწილში მატება არის 3 მილიონი ლარი. დაწყებულია წვრთნის გარკვეული პროგრამები. ეს არის პირველ რიგში საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რომლის ფარგლებში კაპრალებს, სერჟანტებს, ოფიცრებს და მასში მონაწილე ყველა პირს, ასევე მის მწვრთნელებს ხელფასები გაეზრდებათ“, - განუცხადა ჟურნალისტრებს გიორგი ბუთხუზმა.
მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილია 790.0 მლნ ლარი. მიმდინარე 2018 წლის წლის ბიუჯეტით, თავდაცვის უწყებისთვის 802 მილიონი ლარი იყო განსაზღვრული. როგორც მთავრობა განმარტავს, თავდაცვის სამინისტროს ასიგნებების შემცირება გასულ წელთან შედარებით, გამოწვეულია საფრანგეთთან გაფორმებული კონტრაქტის დასრულებით, თუმცა ამ ეტაპზე გრძელდება კონსულტაციები პარტნიორებთან და გადამუშავებულ ვარიანტში სამინისტროს ასიგნებების კორექტირება განხორციელდება.