ევროპა ირანის SWIFT-იდან გამორთვის წინააღმდეგია - ევრომინისტრები ამერიკასთან მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები შეეცდებიან დაარწმუნონ ამერიკის ხელისუფლება, რომ ირანი SWIFT-ის სისტემიდან არ გამორთოს.

(SWIFT - საერთაშორისო ბანკთაშორისი ინფორმაციის გადასაცემი და გადასახადების განმახორციელებელი სისტემა). ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ევროპელი მინისტრები მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის სხდომის ფარგლებში აპირებენ მოლაპარაკებების გამართვას ამერიკის ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელ სტივენ მნუჩინთან. შეხვედრა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ამ კვირაში გაიმართება.

„ჩვენი კითხვაა - რა საჭიროა შენობისთვის დენის მიწოდების შეწყვეტა, თუ შესაძლებელია ოთახში შუქის გამორთვა“ - განაცხადა გამოცემასთან ინტერვიუში ევროპელმა დიპლომატმა, რომელმაც დაადასტურა მოსალოდნელი შეხვედრა. მისივე თქმით, თუ აშშ განსაზღვრავს ბანკს, მაშინ არ არის საჭირო ირანის გამორთვა SWIFT-დან. მეორე წყაროს ინფორმაციით კი, აშშ-ს არ ესმის ევროკავშირის არგუმენტები.

აღსანიშნავია, რომ შტატებს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ირანის ამ პროგრამიდან გათიშვის შესახებ, თუმცა ყველა დარწმუნებულია, რომ ვაშინგტონი სანქციებს დაუწესებს ირანის ცენტრალურ ბანკს და მას SWIFT-დან გათიშავს.

საგულისხმოა, რომ ამ საბანკო სისტემაში ჩართულია მსოფლიოს 11 ათასი ფინანსური ინსტიტუტი 200 ქვეყნიდან. მის დირექტორთა საბჭოში შედის 25 წევრი, მათ შორის არის ორი ბანკირი ამერიკული ბანკებიდან - Citigroup და J.P.Morgan.

როგორც FT წერს, SWIFT-ს არ შეუძლია დაემორჩილოს ამერიკულ, ევროპულ და ბელგიურ კანონმდებლობას, თუ მათი აზრები იყოფა.

შეგახსენებთ, 2018 წლის მაისში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა ტოვებდა ე.წ. ბირთვულ შეთანხმებას და აღუდგენდა ირანს ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს. 4 ნოემბრიდან კი ეს სანქციები სრულად აღდგება. ამ სანქციების გვერდის ასავლელად კი ევროკავშირის საგარეო საკითხების თავმჯდომარემ ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი შექმნის მექანიზმს, რომელიც ამერიკის სანქციების გვერდის ავლით საშუალებას მისცემს ევროპულ კომპანიებს აწარმოონ ირანში ბიზნესი და შეინარჩუნონ ბირთვული შეთანხმება.

კოკა კვირკველია