ბიზნესს ეძლევა საშუალება, რომ უკვე დამზადებული პოლიეთილენის თხელი პარკები ამოყიდოს, თუმცა 15 ოქტომბრიდან ეს აიკრძალება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა ხუციშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ 1-ელი ოქტომბრიდან დაწესებული აკრძალვის მიუხედავად, რიგ მაღაზიებში პროდუქტს ისევ თხელ პოლიეთილენის პარკებში ათავსებენ.
მისი თქმით, 15 ოქტომბრიდან მაღაზიებსა და ბაზრებში ამ მიმართულებით შესაბამისი კონტროლი დაწესდება.
„15 ოქტომბრიდან აკრძალული არის 15 მიკრონამდე სისქის პოლიეთილენის პარკების წარმოება და იმპორტი. რა თქმა უნდა, ჩვენ ბიზნესს დრო უნდა მივცეთ იმისთვის, რომ რაც უკვე გაშვებული აქვთ წარმოებაში, ის ამოყიდოს. ეს არის ყველაზე თხელი პარკები, რომლებიც ადვილად იხევა, ქარს მიაქვს და საშინლად აბინძურებს გარემოს. ამის დეგრადირებას თითქმის 200 წელი უნდა. შემდეგი წლის აპრილიდან პოლიეთილენის პარკებზე საერთოდ უარს ვიტყვით. დღევანდელი ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, რომ ბიოდეგრადირებადი მასალებისგან იყოს დამზადებული პარკები. ამას გარდა, ძალიან კარგი ტრადიცია იყო, როდესაც ოჯახში ყველას, ნაჭრის პარკები ჰქონდათ და ასე დადიოდნენ მაღაზიებსა და ბაზარში. ვფიქრობ, ეს ტრადიცია აღდგება, რადგან ყველა ერთად უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ქვეყანას ერთად უნდა გავუფრთხილდეთ. ეს არ არის იძულება, ეს არის იმისთვის, რომ გარემო დიდ ნაგავსაყრელს არ დაემსგავსოს.
რაც შეეხება კონტროლს, როგორც წესი, აღსრულების ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ამაზე შესაბამისი კონტროლი იქნება“, - განაცხადა ხუციშვილმა.