ინტერნეტ გიგანტმა „გუგლმა“ გაასაჩივრა ევროკომისიის მიერ მისი 5 მილიარდი დოლარით დაჯარიმება, რისი საფუძველიც, ბაზარზე დომინირებულ პოზიციაში ყოფნის ბოროტად გამოყენება გახდა.
რეგულატორმა ივლისში გამოაცხადა, რომ „გუგლი“ თავის მობილურ „OC ანდროიდს“, ბაზარზე საკუთარი საძებნი სისტემის დომინანტი მდგომარეობის გასამყარებლად იყენებს.
„როიტერსის“ ინფორმაციით, ამერიკულმა კომპანიამ აპელაცია ევროპის საერთო იურისდიქციის სასამართლოში შეიტანა. ამასთან, აპელაციის დეტალები არ გახმაურებულა.
ძიებისას ევროკომისიამ დაადგინა, რომ „გუგლი“ ანდროიდ სმარტფონების მწარმოებლებს, საკუთარი აპლიკაციების გამოყენებას აიძულებდა. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი, ინტერნეტის ბრაუზერ „გუგლ ქრომია“. ევროკომისია თვლის, რომ ამ საქმეში ამერიკული კომპანია აკრძალულ მეთოდებს იყენებდა. კერძოდ, „გუგლი“ სმარტფონების მწარმოებლებს, საკუთარი აპლიკაციების გამოყენების სანაცვლოდ, სოლიდურ თანხას უხდიდა.
გარდა ამისა, ტელეფონების მწარმოებლებთან გაფორმებული კონტრაქტები, მათ ანდროიდის ღია კოდზე ბაზირებული საოპერაციო სისტემების გამოყენებას უკრძალავდა.
ევროკომისიის მიერ „გუგლის“ დაჯარიმების შემდეგ, კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა სუნდარ პინჩაიმ გამოაქვეყნა ოფიციალური წერილი სათაურით, „ანდროიდმა მეტი მრავალფეროვნება შექმნა და არა ნაკლები“, რომელშიც ევროკომისია პროგრესული ბიზნეს მოდელის შეზღუდვის მცდელობაში დაადანაშაულა და პირობა დადო, რომ ამ უსამართლო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებდა.