შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 267 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ იმპორტზე ტარიფებს გაზრდის იმ შემთხვევაში, თუ პეკინი ტარიფების წინა ზრდაზე საპასუხო ზომებს მიიღებს.
ოვალურ კაბინეტში რეპორტიორებთან შეხვედრისას, მანვე განაცხადა, რომ ჩინეთი სავაჭრო საკითხებზე შეთანხმების მიღწევისთვის ჯერ მზად არაა.
„ჩინეთს სურს შეთანხმება, მაგრამ მე ვამბობ, რომ ისინი ამისთვის ჯერ მზად არ არიან. უბრალოდ ვამბობ, რომ ამისთვის ჯერ მზად არ არიან. ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გავაუქმეთ, რადგან მე ვიცი, რომ შეთანხმებისთვის მზად არ არიან“, - განაცხადა ტრამპმა.
კითხვაზე, მზად არის თუ არა იმისთვის, რომ ჩინეთისგან საპასუხო ტარიფების ან სხვა რეაქციის შემთხვევაში, ახალი ტარიფები დააწესოს, ტრამპმა უპასუხა: „რა თქმა უნდა, აბსოლუტურად“. და დაამატა, რომ ამერიკასა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბალანსის შესაბამისად, „მათ რაც შეეძლოთ, უკვე გვიპასუხეს“.
გასულ თვეში, ტრამპმა 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე, საბაჟო ტარიფები გაზარდა და მაშინვე დაიმუქრა, რომ მარაგში უფრო მეტი ტარიფები აქვს, თუ ჩინეთი უპასუხებს. პეკინმა მხოლოდ 60 მილიარდი დოლარის ამერიკულ პროდუქციაზე გაზარდა ტარიფები და ამით საკუთარი სატარიფო არსენალი ამოწურა.
მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის სავაჭრო ურთიერთობა იმდენად გამწვავდა, რომ საერთაშორისო მონეტარულმა ფონდმა, მსოფლიო ეკონომიკის 2018 და 2019 წლების ზრდის პროგნოზი შეამცირა.
ტრამპის პოზიციასთან დაკავშირებით, რეპორტიორებმა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერ ლუ კანს კითხვა დაუსვეს, რაზეც მან უპასუხა, რომ სავაჭრო ომი მსოფლიო ეკონომიკისთვის საზიანოა და არც რომელიმე მხარის ინტერესებში შედის.
„მაგრამ ჩინეთი საკუთარი ინტერესების დაცვას ურყევად გააგრძელებს. ამაზე ილუზიები არავის უნდა ჰქონდეს“, - ამბობს კანი.