ახალი რეგულაცია სესხების გაცემას მინიმუმამდე შეამცირებს.მოსალოდნელია, რომ სამომხმარებლო კრედიტის მიმღებთა რაოდენობა დაახლოებით 50%-მდე დაიკლებს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ცვლილება ჭარბვალიანობის შემცირებისკენაა მიმართული, თუმცა, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ეს კიდევ უფრო გაართულებს ვითარებას, რადგან მოსახლეობას ამით "საკრედიტო შიმშილი" ემუქრება.
საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ ბაზარზე არსებული დაკრედიტების პრინციპი კომპლექსურად შეიცვლება, რადგან ეროვნული ბანკის მხრიდან დებულებები ფორსირებულად ინერგება. ბანკების ლობისტი გამოსავლად ფიზიკური პირების დაკრედიტების ახალი წესის შეჩერებას მიიჩნევს.
„ამ წესის ამოქმედების შემდეგ სწრაფად ვერ მოხდება ბანკების ადაპტაცია და გადაწყობა ახალ რეჟიმზე. მოლოდინი არის, რომ უახლოესი 12 თვის განმავლობაში ეს რეგულაცია გამოიწვევს სამომხმარებლო სესხების მნიშვნელოვან შემცირებას. უკვე დღევანდელი გათვლებით, იმ ადამიანების დაახლოებით 40-50, ვინც დღეს იღებდა სესხს, მომავალში ვეღარ აიღებს და ვინც აიღებს, მათთვისაც პროცედურა უფრო გაიწელება", - განუცხადა „ბიემს" ძნელაძემ.
მისივე თქმით, სებ-თან კონსულტაციები მიმდინარეობს, მაგრამ კომპლექსურ ცვლილებას არ ელოდებიან, სპეციალისტები კი ვარაუდობენ, რომ სამომხმარებლო სესხებთან დაკავშირებული რეგულაცია საბანკო სექტორს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის. განსაკუთრებით ონლაინსესხების კოპანიები და მიკროსაფინანსოები იზარალებენ.
არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის ხელმძღვანელ ირაკლი ბერძენაძის შეფასებით, მომხმარებლების დაცვის ნაცვლად, რეგულაციამ, შესაძლოა, ვითარება კიდევ უფრო დაამძიმოს.
„საბანკო სექტორის მომხმარებლების დაცვაზე საუბარი ჯერ კიდევ ადრეა. პირიქით, იმდენად გამკაცრებულია პირობები, რომ ბანკის კლიენტებს სერიოზული პრობლემა ექმნებათ. ადამიანი, ფაქტობრივად, ვერ აიღებს სესხს და სხვადასხვა მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ შეძლებს. სამომხმარებლო სესხები კიდევ უფრო შემცირდება, შესაძლოა, განახევრდეს. ეს პროცესი დაიწყო კიდეც.
რეგულაცია სწრაფი სესხისა ონლაინ კომპანიებს საგრძნობლად დააზარალებს, მაგრამ ბანკები ისევე გააგრძელებენ მოსახლეობის „ძარცვას", როგორც ადრე. გასათვალისწინებელია, ასევე, რომ ახლა მოდის სეზონი, როცა კრედიტი ყველაზე მეტად სჭირდებათ. თუკი მასზე ხელმისაწვდომობა გართულდება, ხალხს საკრედიტო შიმშილი ემუქრება", - აცხადებს „რეზონანსთან" ბერძენაძე.
სპეციალისტების ნაწილი საუბრობს იმაზეც, რომ სამომხმარებლო სესხების შემცირების პარალელურად სესხის დიდი ნაწილი იურიდიული პირების დაკრედიტებას მოხმარდება. საბანკო სფეროს ექსპერტი მიხეილ თოქმაზიშვილი ერთ ნიუანსზე ამახვილებს ყურადღებას – სესხის მიმღებთათვის საფინანსო ბაზარი კიდევ უფრო გაფართოვდება.
„ბუნებრივია, რომ რეგულაცია სესხების შემცირებაზე გავლენას მოახდენს. ადამიანების გარკვეული კატეგორია, რომელიც სამომხმარებლო სესხს იყენებდა, შეზღუდვის გამო ფულად რესურსს მარტივად ვერ მიიღებს. მონეტას ორი მხარე აქვს - ამ შემთხვევაში რეგულაციის შემოღება შეიძლება იყოს ცუდი, რადგან მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში სესხი არ დაუმტკიცდება, თუმცა, მეორე მხრივ, რისკი შემცირდება, რაც უდავოდ პოზიტიურია.
მოქალაქეები, რომლებიც იღებენ სესხს და მერე კაბალურ ვითარებაში ვარდებიან, შექმნილ სიტუაციაში უფრო დაცული აღმოჩნდებიან. საბოლოო ჯამში, საფინანსო ბაზარი კიდევ უფრო გაფართოვდება მათთვის, რომლებსაც შეუძლიათ სესხის აღება ანუ დიფერენცირება მოხდება. ცხადია, სესხი არ არის სიღარიბისგან თავდაცვის საშუალება. ამ თვალსაზრისით, ძალიან კარგი რეგულაციაა. სავარაუდოდ, სამომხმარებლო სესხების შემცირების პარალელურად, თანხის დიდი ნაწილი იურიდიული პირების დაკრედიტებას მოხმარდება", - აცხადებს „რეზონანსთან" თოქმაზიშვილი.
მარი ჩიტაია
გაზეთი „რეზონანსი"