„დღეს ყველაზე დაბალი მოგების მარჟა გვაქვს“ - „ვისოლში“ საწვავის იმპორტის და რეალიზაციის კიდევ უფრო შემცირებას არ გამორიცხავენ

„ეს ის შემთხვევაა, როცა დღეს კომპანიაში გვაქვს ყველაზე მაღალი ფასი ბოლო წლების განმავლობაში და ყველაზე დაბალი მოგების მარჟა“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა განუცხადა.

ვასილ ხორავას განმარტებით, მსგავსი ვითარებაა საწვავის იმპორტიორ ყველა კომპანიაში.

„დისტრიბუტორ კომპანიებს ნამდვილად არ უხარია მაღალი ფასები და დაბალი რეალიზაცია. ჩვენთვის უფრო საინტერესოა მომხმარებელი უფრო აქტიურად მოიხმარდეს ჩვენს პროდუქციას. თუ მაღალი ფასი შენარჩუნდება ან კიდევ უფრო გაიზრდება, ეს რა თქმა უნდა, კარგად არ აისახება ნავთობპროდუქტების რეალიზაციაზე. მომხმარებელი ყოველთვის ეცდება გადავიდეს ალტერნატიულ პროდუქტებზე როგორიცაა თხევადი გაზი, ელექტრო ან ჰიბრიდული მანქანები და სხვა“, - განაცხადა „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა.

ვასილ ხორავას განმარტებით, კომპანიები მუდმივად აქცევენ ყურადღებას იმპორტირებული ნავთობპროდუქტების რაოდენობას. მისი თქმით, ნავთობპროდუქტების იმპორტის შემცირება ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი არ არის და მსგავსი ტრენდი სხვა თვეებშიც შეინიშნებოდა.

„ხდება შედარება და კეთდება იმპორტის მაჩვენებლების ანალიზი. მინდა გითხრათ, რომ არ არის დიდი ცდომილება. ერთი პროცენტის სიზუსტით ვერადროს ვერ ვიმუშავებთ. თუმცა ტრენდი ახლოსაა შარშანდელ მონაცემებთან. იმედია, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები უფრო დასტაბილურდება და ეს მოგვცემს საშუალებას თვითღირებულება გაიაფდეს. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ლარის კურსი. თუ კურსი ხელს შეგვიწყობს უფრო მნიშვნელოვანი იქნება ფასის დაწევის მაჩვენებელი,“-აღნიშნავს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი.

ვასილ ხორავა საწვავის ფასების სამომავლო პროგნოზისგან თავს იკავებს და აღნიშნავს, რომ ამ ტიპის განცხადების გაკეთება ამ დროისთვის შეუძლებელია.

„ჩვენ პირობას ვაძლევბთ მომხმარებლებს, რომ ვიქნებით თანმიმდევრულები ფასების შემცირების და ზრდის შემთხვევაშიც. გაზრდილი ფასების პირობებეში, ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი კომპანია მაქსიმალურად ცდილობს მინიმალური მოგების მარჟით მოახდინოს ოპერირება“, -აღნიშნა ვასილ ხორავამ.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, სექტემბერში საქართველოში საწვავის იმპორტი შემცირდა. კერძოდ, მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 81,2 ათასი ტონა, რაც 26,3 ათასი ტონით ნაკლებია აგვისტოს თვის მაჩვენებელთან შედარებით და 28,3 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით.

ქრისტინე გამთენაძე