„ელიავას ბაზრობაზე“ დამწვარი ხის მასალების საწყობების ნაწილი „ჯიპიაი ჰოლდინგშია“ დაზღვეული.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას სადაზღვევო კომპანიაში განუცხადეს, დაზღვეული მეწარმის ქონება 308 000 დოლარად იყო შეფასებული.
„ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად „ჯიპიაი ჰოლდინგში“ დაზარალებული მეწარმეების განაცხადი შემოვიდა. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ დამწვარია ერთი მეწარმის ხე-ტყის მასალის ორი საწყობი, რომელთაგან ერთი სრულიად განადგურდა, მეორე კი მაწილობრივ. ასევე, დამწვარია კიდევ ერთი მეწარმის მარაგები, რომელთა ჯამური ღირებულება 308 000 დოლარია.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ექსპერტიზა, რომლის შემდეგაც ცნობილი გახდება ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ზარალის კონკრეტული მოცულობა. დასკვნის მიღების შემდეგ კომპანია დაუყოვნებლივ დაიწყებს ზარალის დარეგულირების პროცესს“, - განაცხადეს კომპანიაში.
მათივე თქმით, ხანძრის შდეგად დაზიანებული საწყობები ქონების დაზღვევის პოლისითაა დაზღვეული. პოლისი ხანძართან ერთად, ითვალისწინებს ისეთი შემთხვევების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას, როგორიცაა, სტიქიური მოვლენები, ძარცვა-ყაჩაღობა, ვანდალიზმი და სხვა. „ჯიპიაიმ გასულ წელს ელიავას ბაზრობაზე მომხდარი ძლიერი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს, რომელთაც ქონება და მარაგები ჰქონდათ დაზღვეული, ჯამში 600 000 ლარამდე ზარალი აუნაზღაურდათ“, - აცხადებენ კომპანიაში.
ცნობისათვის, აგლაძის ქუჩაზე, „ელიავას“ ბაზრობაზე ხის მასალების მაღაზიებს ცეცხლი დღეს გამთენიისას გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 800 კვ. მ. ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ბაზრობაზე დამწვარი ხის მასალების მაღაზიები ნაწილი სადაზღვევო კომპანია „ალფაში“ იყო დაზღვეული, ნაწილი „ჯიპიაი ჰოლდინგში“.