მსოფლიოში სიღარიბის გამო, 120 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილობს

მსოფლიოში, სიღარიბის გამო, 120 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილობს ან საკვების ნაკლებობას განიცდის, - ამის შესახებ ნათქვამია ყოველწლიურ მოხსენებაში „შიმშილის ზოგადი მაჩვენებელი“, რომელსაც სასურსათო პოლიტიკის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტი აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, დღეს მსოფლიოში დაახლოებით 124 მილიონი ადამიანი შიმშილობს, მაშინ როდესაც ორი წლის წინ ეს რიცხვი 80 მილიონს შეადგენდა.

ამასთან, იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი, რომლებიც შიმშილობენ ან კვების ნაკლებობას განიცდიან, 70 მილიონს აღწევს. ყველაზე საგანგაშო ვითარება ამ მხრივ ჩადში, ჰაიტიზე, მადაგასკარზე, სიერა-ლეონეში, იემენსა და ზამბიაში ფიქსირდება, ბოლო, 119-ე ადგილი კი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას უკავია.

რაც შეეხება საქართველოს, ის ტრინიდადი და ტობაგოსა და ბრაზილიას შორის, სიის 30-ე ადგილზე იმყოფება.