საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ, კონკურენციის პოლიტიკის წარმართვის პროცესში, სტატისტიკური მონაცემების ეფექტიანად გამოყენების მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოდან იუწყებიან. ნოდარ ხადურმა კონკურენციის სააგენტოსა და საქსტატის თანამშრომლებს ნაყოფიერი და წარმატებული მუშაობა უსურვა.
„ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ხელშემწყობი პირობაა დროულად და ეფექტურად განხორციელდეს შეხვედრები და კონსულტაციები; მუდმივ რეჟიმში წარიმართოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში დაცული ინფორმაციის, კვლევებისა და სხვა მონაცემების კონკურენციის სააგენტოსათვის მიწოდება; ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა, კონკურენციის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების ორგანიზება და ა.შ. ოფიციალური სტატისტიკა არის დემოკრატიული საზოგადოების საინფორმაციო სისტემის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, კონკურენციის სფეროში, ბევრი კარგი, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთება იქნება შესაძლებელი. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, ისე კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლებს ვუსურვებ ნაყოფიერ და წარმატებულ მუშაობას“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის თქმით, მემორანდუმის ფარგლებში საქსტატი კონკურენციის სააგენტოს მისთვის საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფს.
„მემორანდუმის ფარგლებში საქსტატი კონკურენციის სააგენტოს უზრუნველყოფს მისთვის საჭირო, სანდო, ობიექტური და დეტალური სტატისტიკური ინფორმაციით. ასევე კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს თანამშრომლებს გაუწევს შესაბამის კონსულტაციებს, სტატისტიკურ მონაცემთა გამოყენების, დამუშავებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ. საქსტატი იღებს ვალდებულებას, განიხილოს კონკურენციის სააგენტოს წინაშე მდგარი გამოწვევები და სააგენტოს მიერ უფლებამოსილებათა ეფექტურად განხორციელების მიზნით მოახდინოს მისი ინფორმაციული უზრუნველყოფა“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.