კვების მრეწველობა საქართველოში წლიდან წლამდე ძლიერდება და უფრო მეტი ადამიანი ამჯობინებს ქართული პროდუქტის ყიდვას, რაც აძლიერებს ქართულ ეკონომიკასა და კვების ინდუსტრიას.
სექტორის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მაღალკვალიფიციური კადრების არსებობას. კვების მრეწველობა საქართველოში აგრარულ უნივერსიტეტში ისწავლება და ამ მიმართულებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შორის საკმაოდ პოპულარული ფაკულტეტიცაა.
გადავწყვიტეთ წარმატებულ სტუდენტებს გავსაუბრებოდით და გაგვეგო, თუ რას ფიქრობენ საქართველოში კვების მრეწველობის შესახებ და როგორია მათი გეგმები.
მარიამ გოგელიძე: „კვების მრეწველობის ფაკულტეტზე სწავლა საკმაოდ რთულია ისევე, როგორც ზოგადად, ეს სექტორი. მოხარული ვიქნები, თუ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება ამ საქმიანობით. შედეგად, ერთობლივად შევძლებთ, რომ წარმოების ხარისხი მაქსიმალურად გავზარდოთ. ამ ეტაპზე ბევრი მაღალკვალიფიციური კადრი სჭირდება კვების ინდუსტრიას.“
გვანცა ქურდაძე: „ძალიან საინტერესოა, როცა რაღაცას ქმნი, შემოქმედი ხარ. ეს საქმე არასდროს არის ერთფეროვანი და რუტინული. პერსპექტიულიც არის, რადგან ქვეყანაში კვების მრეწველობა სწორედ ახლა ვითარდება. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით.“
ელენე ჯავახიშვილი: „საკმაოდ რთული პროფესიაა და პროფესიონალობამდე მიმავალი გზაც საკმაოდ რთულია. თუმცა ეს ყველაფერი რთულთან ერთად ძალიან საინტერესოცაა. კვების ტექნოლოგი ისევე პასუხისმგებელია ადამიანის სიცოცხლეზე, როგორც, ვთქვათ, ექიმი, მეც გაცნობიერებული მქონდა ეს დიდი პასუხიმგებლობა და მიხარია, რომ სწორედ ეს მიმართულება ავირჩიე.“
ელენე ღამბარაშვილი: „საქართველოში საწარმოებში მთავარი ტექნოლოგები ძირითადად უცხოეთიდან ჰყავთ მოწვეული. რაც გამართლებულად ნამდვილად არ მიმაჩნია. ჩვენთან სწავლა საკმაოდ მაღალ დონეზეა და ვისურვებდი, რო მალე ეს სიტუაცია საპირისპიროდ შეიცვალოს.“
სწორედ ამ სტუდენტებს ფაკულტეტზე საუკეთესო აკადემიური მოსწრებისთვის „ნიკორამ“ სტიპენდია დაუნიშნა. კომპანიაში განმარტავენ, რომ აღნიშნულით მათ სურთ სტუდენტებს მეტი მოტივაცია შეუქმნან და უკეთესი შედეგის მიღწევაში დაეხმარონ, რაც საბოლოოდ, ზოგადად, სფეროს განვითარებაზე პოზიტიურ გავლენას იქონიებს. სტიპენდიას სისტემატიური ხასიათი ექნება და თითოეულ სტუნდენტს ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლის რეიტინგის მიხედვით დაენიშნება. სემესტრულად მოხდება სტუდენტების რეიტინგის გადახედვა და შემდგომი სემესტრის სტიპენდიანტების არჩევა.
„ჩვენს მოტივაციაზე პოზიტიურად იმოქმედა „ნიკორას“ სტიპენდიამ, რომელიც ყოველთვიურად გადმოგვეცემა. მნიშვნელოვანია, რომ კვების ინდუსტრიამ კვების ინდუსტრიის სტუდენტებს ყურადღება მოგვაქციოს. სასიამოვნოა, რომ ამჯერად ჩვენი შრომა ამ ფორმით ფასდება,“ - განმარტავს ელენე ჯავახიშვილი.
„სტიპენდია ყველასთვის კარგი მოტივაციაა, რომ სწავლას მოუმატონ და აკადემიური მოსწრება გააუმჯობესონ. სტიპენდიის მიღება ყველას სურს,“ - დაამატა ელენე ღამბარაშვილმა.
გოგონებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ სწავლა მაგისტრატურაზე გააგრძელონ. ნაწილი საქართველოში გეგმავს სამაგისტრო პროგრამის გავლას, ნაწილი კი ევროპის ქვეყნებისკენ მიისწრაფვის. როგორც მარიამ გოგელიძემ აღნიშნა, მაგისტრატურაზე ჩაბარებისთვის მათ სპეციალური სერთიფიკატები სჭირდებათ, რომელთა აღებაც ფასიანია. ის სწორედ ამ სერთიფიკატის ასაღებად აპირებს „ნიკორას“ სტიპენდიის გამოყენებას. სხვა სტუდენტებიც ცდილობენ, სტიპენდია კვლავ საკუთარი განვითარებისთვის გამოიყენონ და კერძო სექტორის მიერ ჩადებულმა ფინანსურმა რესურსმა სამომავლოდ ისევ ამ სფეროს განვითარებაზე მოახდინოს პოზიტიური გავლენა.