თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია რომელ იტალიურ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება თბილისის განვითარების ფონდმა და რამდენი ნაგვის ურნა უნდა შეისყიდოს 223 ათას ევროდ. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ყველა ტრანზაქციას და შესყიდვას ის არ აკონტროლებს.
„ეს განვითარების ფონდს ჰკითხეთ, მე არ მაქვს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. თქვენ ფიქრობთ, რომ ყველა შესყიდვას და ყველა ტრანზაქციას მერი უნდა აკონტროლებდეს? ეს სწორია და ასე უნდა მუშაობდეს სახელმწიფო? ეგრე რომ მუშაობდა სახელმწიფო, ერთი კაცი რომ მართავდა ყველაფერს და ერთ კაცზე რომ იყო ყველაფერი მორგებული - კონსტიტუცია, სახელმწიფო ინსტიტუტები, იმიტომ იყო ამ ქვეყნის საქმე კარგად. ეს ჩვენ შევცვალეთ და ჩავაბარეთ წარსულს. პირობაც დავდეთ, რომ საქართველოში არასდროს არ დაბრუნდება ის წლები, რომელიც 2012 წლამდე იყო. ამის პირობას გაძლევთ“, - განაცხადა კალაძემ.
არსებული ინფორმაციით, თბილისის განვითარების ფონდმა იტალიურ კომპანიასთან 223 ათასი ევროს ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმადაც, თბილისში 300 ნაგვის ურნა უნდა ჩამოიტანონ.