საწვავის ფასის ზრდას საქართველოშიც უნდა ველოდოთ

”ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” ნავთობის ბაზარზე არსებულ სიტუაციას აფასებს.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებას bpn.ge უცვლელად გთავაზობთ: ”მიმდინარე თვეში ნავთობის ფასი მსოფლიო სასაქონლო ბირჟებზე იზრდება. თვის დასაწყისიდან ეს არის ნავთობის ფასის 5%-იანი მატება და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაქსიმალური მაჩვენებელია ბოლო 10 თვის განმავლობაში. კერძოდ, ივნისის თვის დასაწყისიდან დღემდე ლონდონში ბრენტ ნავთობის ფასი გაიზარდა 108,83 დოლარიდან 114,81 დოლარამდე, ხოლო ნიუ-იორკში Light Sweet ნავთობის ფასი -102,47 დოლარიდან 107,26 დოლარამდე/ბარელზე.

ნავთობის ფასის ზრდა ძირითადად განპირობებულია ერაყში არსებული კრიზისით, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი ნავთობმომპოვებელი და ექსპორტიორი ქვეყანაა. ყოველდღიურად ერაყიდან ხდება 2,8 მლნ ბარელი ნავთობის ექსპორტი, რაც ნავთობის მსოფლიო მიწოდების 3%-ს შეადგენს. სულ უფრო მეტი საშიშროება იქმნება იმისა, რომ საომარი მოქმედებები ერაყში ნავთობმომპოვებელ და საექსპორტო მიმწოდებელ რეგიონებს მოიცავს, რაც თავის მხრივ, ერაყიდან ნავთობის ექსპორტის შემცირების საფრთხეს ქმნის. ამ ეტაპზე სწორედ ერაყში განვითარებული მოვლენები განაპირობებს მსოფლიოში ნავთობის ფასის ზრდის ტენდენციასაც.

ნავთობის ფასის ზრდას ხელი შეუწყო ასევე რუსეთ-უკრაინის კრიზისმაც. კერძოდ, უკრაინის საშუალებით ხდება რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტი ევროპაში უკრაინის გავლით და აქაც არის საშიშროება იმისა, რომ მიწოდებები შეფერხებებით განხორციელდეს. ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად, გაზრდილია საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platt's-ის მიხედვით. კერძოდ, ივნისის თვის დასაწყისიდან 20 ივნისის მდგომარეობით ბენზინის ფასი გაზრდილია 69,25 დოლარით ანუ - 7%-ით, 1055,75 დოლარამდე/ტონაზე, დიზელი მომატებულია 54,25 დოლარით ანუ 6%-ით - 943,50 დოლარამდე/ტონაზე.

დღეისათვის ბრენდირებულ საცალო ქსელში საწვავის საშუალო ფასი შეადგენს: სუპერის ტიპის ბენზინი ღირს 2.27-2.33 ლარი, პრემიუმის ტიპისა - 2.19-2.25 ლარი, ევრო რეგულარი - 2.05-2.15 ლარი, რეგულარის ტიპის ბენზინი - 2,10 ლარი, ევრო დიზელი - 2.22-2.28 ლარი, ხოლო L-62 დიზელი - 2.10-2.12 ლარი. არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის ფასი 5-10 თეთრით უფრო ნაკლებია. რაც შეეხება სამომავლო პროგნოზს, გაზრდილი საერთაშორისო ფასები და არასტაბილური გეოპოლიტიკური ვითარება ოპტიმისტურ ვითარებას ნამდვილად არ ქმნის და უახლოეს პერიოდში თუ ფასები არ დარეგულირდა, საწვავის ფასის ზრდას საქართველოშიც უნდა ველოდოთ”,- ნათქვამია ”ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” განცხადებაში.

ხათუნა ჩიგოგიძე