საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის განცხადებით, ისინი აქტიურად არიან ჩართულები სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებზე მუშაობის პროცესში და ყველა მხარესთან კომუნიკაცია აქვთ.როგორც ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან იუწყებიან, კანონპროექტის შემუშავებას წინ უსწრებდა განხილვები საქართველოს ფინანსთა სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფორმატში, სადაც მათივე განცხადებით, დარგის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ მონაწილეობის შესაძლებლობა და კერძო სექტორის ინტერესს მხოლოდ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი წარმოადგენდა.
„გვქონდა შეხვედრები, როგორც გაფართოებულ ფორმატში სათამაშო ბიზნესის ასოციაციის წევრებთან, ასევე, სარეკლამო და მედია სექტორებთან, მათ შორის კონკრეტულ კომპანიებთან და აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით კერძო სექტორის პოზიცია და წუხილები ჩვენთვის ცნობილია. ვიზიარებთ კერძო სექტორის მოთხოვნებს და მიგვაჩნია, რომ "რეკლამის შესახებ საქართველოს კანონში“ შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელების აკრძალვას, ხოლო გარე რეკლამის შეზღუდვას რამდენიმე კრიტიკულ საკითხს შეიცავს:
1. პარლამენტში დარეგისტრირებული ცვლილებებით, სარეკლამო ბიზნესი და მედია საშუალებები კარგავენ ერთ-ერთ უმსხვილესს კლიენტს, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს სარეკლამო ბაზრის არეალს ქვეყანაში.
2. ცვლილების ამოქმედების ვადად განსაზღვრულია კანონპროექტის გამოქვეყნებიდან მე-14 დღე, რაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს როგორც სარეკლამო კომპანიებს, ისე მათ დამკვეთებს, რადგან რეკლამის მწარმოებელ და გამავრცელებელ კომპანიებს აქვთ მიმდინარე კონტრაქტები აზარტული და მომგებიანი თამაშობების სფეროში, რომელთა ასეთ მცირე ვადაში შეწყვეტაც მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული.
3. კანონპროექტი ასევე არ შეიცავს რაიმე დათქმას ან გარდამავალ პერიოდს აზარტული და მომგებიანი თამაშების ობიექტებზე განთავსებული აბრების ახალ რეგულაციასთან (აბრის ფართობის შეზღუდვასთან) შესაბამისობაში მოსაყვანად, რაც რეგულაციის პრაქტიკაში განხორციელების პროცესში ასევე შეფერხებებს შექმნის“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის განცხადებით, კანონპროექტში ასახულია ისეთი საკითხებიც, რომელზეც სამუშაო ჯგუფი არ შეთანხმებულა (მაგალითად, აბრების რეგლამენტირების საკითხი) ან სხვაგვარად შეთანხმდა (მაგალითად, გარე რეკლამის დისტანცირების მანძილი რელიგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან).
„ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობის პროცესში უზრუნველყოფილ იქნას შესაბამისი ბიზნესსექტორების წარმომადგენლების ჩართულობა და განხილვები წარიმართოს დარგის ინტერესების გათვალისწინებით“, - ნათქვამია განცხადებაში.