„საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, რომანოვების სასახლისა და ლიკანის ისტორიული კომპლექსის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტირება დასრულდა.
„საპარტნიორო ფონდის“, „ლიკანის რეზიდენციის“, „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა“ და დარგის სპეციალისტების მიერ შემუშავებული კონცეფციის პრეზენტაცია ლიკანის კომპლექსში შედგა.
„პროექტის კონცეფცია მეცნიერულ კვლევებსა და ისტორიულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით შემუშავდა, რომლის მიხედვით, ისტორიული კომპლექსი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს და პირველად თავისი არსებობის ისტორიაში მისი ნახვის შესაძლებლობა ნებისმიერ მნახველს ექნება. რომანოვების სასახლის კარი მედიისთვის და დამსწრე საზოგადოებისთვის დღეს გაიღო.
აუდიტორიას პროექტირების დეტალები ავტორებმა, „ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საკითხების საეთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნულმა კავშირმა (ICOMOS) და კომპანიებმა „საქართველოს მემკვიდრეობა“ და „არქიტექტორები.ჯი2“-მა გააცნეს.
„გლობალურ ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული ქვეყნები ტურისტების მოსაზიდად ქმნიან ლეგენდებს, იყენებენ მარკეტიგულ ტექნოლოგიებს, რათა უფრო მეტი ტურისტი მოიზიდონ. ჩვენ კი ახლა ვიმყოფებით ადგილზე, რომელიც რეალური ისტორიის ლეგენდარულ ეპოქას აცოცხლებს და ტურისტებისთვის საინტერესოა არამარტო ისტორიული დატვირთვით, არამედ - სამედიცინო ტურისტული დანიშნულებითაც. ისტორიული მემკვიდრეობის ნუსხაში შესული სასახლე უახლოეს წარსულში საზაფხულო რეზიდენციად გამოიყენებოდა. საბჭოთა პერიოდში ლიკანის სასახლე კი კომუნისტური ლიდერების რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, კომპლექსი სამთავრობო რეზიდენციად, ხოლო 2005 წელს – საპრეზიდენტო სასახლედ გადაკეთდა. სამწუხაროდ, მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ადგილი ქონდა სასახლისა და ისტორიული შენობების არქიტექტურაში უხეშ ჩარევებს, რამაც ძეგლის პირვანდელი იერსახე მნიშვნელოვნად დააზიანა. ახალი კონცეფციის მიხედვით, რომანოვების სასახლე ავთენტურობის დაცვით აღდგება. ახალი ტურისტული ლოკაცია სერიოზულ შემოსავალს მოუტანს რეგიონს, ადგილობრივებმა კი ეს უნიკალური შანსი სწორად უნდა გამოიყენონ“, განაცხადა „საპარტნირო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.
XIX საუკუნის ბოლოს აგებული ნიკოლოზ რომანოვის სასახლე, ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია და ორანჟერეა ავთენტურობის დაცვით აღდგება. სასახლეში მოეწყობა მუზეუმი. კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზი, ვიზიტორთა ცენტრი, ადმინისტრაციული შენობა და საფეხმავლო ხიდი. მოხდება ისტორიული პარკის კეთილმოწყობა და დენდროლოგიური გეგმის განხორციელება.
და პირველად არსებობის განმავლობაში ლიკანის ისტორიული კომპლექსი საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურის შემადგენელი ნაწილი გახდება.
„საპარტნიორო ფონდს“ მთავრობამ ლიკანის კომპლექსი მოვლა პატრონობის მიზნით გადმოსცა. „საპარტნიორო ფონდმა“ აიღო ვალდებულება, მოეხდინა სავალალო მდგომარეობაში მყოფი სასახლის რესტავრაცია-რეაბილიტაცია. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, კონკურსის წესით, შეირჩა სათანადო გამოცდილების მქონე სამი არქიტექტურული კომპანია, რომლებმაც პროექტირება და მუზეოგრაფია მოამზადეს“,- ნათქვამია „საპარტნიორო ფონდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.