თბილისი-ბრისტოლის დამეგობრების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად თიბისი გალერეაში ბიზნესფორუმი ჩატარდა. სპეციალურად ამ თარიღისთვის თბილისს ოფიციალური ვიზიტით ბრისტოლის მერი - მარვინ რიზი ეწევია.
დიდი ბრიტანეთიდან მოწვეულ სტუმრებთან ერთად ღონისძიებას თბილისის მერი - კახა კალაძე, სამთავრობო გუნდის, ასევე ბიზნესსექტორისა და თიბისი ბანკის მენეჯმენტის წარმომადგენლები დაესწრნენ. ბიზნესფორუმზე მოხსენებით საქართველოს ელჩი დიდი ბრიტანეთში - თამარ ბერუჩაშვილი და ბრიტანეთის ელჩი საქართველოში - ჯასტინ მაკენზი-სმიტიც გამოვიდნენ. ფორუმზე დამსწრე აუდიტორიამ წარმატებული ბრიტანული კომპანიების გამოცდილება და ისტორია მოისმინა.
თიბისი ბანკის თანადამფუძნებელის ბადრი ჯაფარიძის თქმით, ბრისტოლი თვითონ ბრიტანეთში აღიარებულია, როგორც ყველაზე მიმზიდეველი საცხოვრებელი ადგილი, რაც ძალიან ბევრ რამეზე მიუთითებს.
„დღევანდელი კონფერენცია მიეძღვნა ბრისტოლიდან მნიშვნელოვანი დელეგაციის ჩამოსვლას. აქ იმყოფება ბრისტოლის მერი, ასევე ბრისტოლის მზრუნველთა საბჭოს წევრები, რომელებიც წარმოადგენენ ბრიტანეთში სხვადასხვა ბიზნეს სექტორს. უნდა ითქვას, რომ მათი მხრიდან ინტერესი ძალიან დიდია. უკვე დიდი ხანია, რაც ბრისტოლი თბილისის დაძმობილებული ქალაქია, მაგრამ ამავდროულად, ბრისტოლი თვითონ ბრიტანეთში აღიარებულია როგორც ყველაზე მიმზიდეველი საცხოვრებელი ადგილი, რაც ძალიან ბევრ რამეზე მიუთითებს. ბევრი თვალსაზრისით ბრისტოლი არის მაგალითი ბევრი ქალაქისთვის და მე ვფიქრობ, თბილისსა და ბრისტოლს შორის ურთიერთობა ძალიან ბევრ სიკეთეს მოუტანს ჩვენს დედაქალაქს“,-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ბიზნესფორუმზე თიბისი ბანკის თანადამფუძნებლის მოხსენება შეეხებოდა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს, მის მიმზიდველობასა და იმ მაკროენომიკურ ტენდენციებს, რომელიც ბადრი ჯაფარიძის თქმით, ძალიან პოზიტიური და საინტერესოა ბრიტანული ინვესტიციისთვის.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებისმიერი პირობა, რომელსაც ვიღებთ ინვესტორების წინაშე, ვასრულებთ გადაჭარბებით. აქედან გამომდინარე, კარგი მაგალითი გვაქვს და ვხედავთ, რომ ჩვენს მიმართ ინტერესი ამ კონფერენციის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდება.
ჩვენ პირველ რიგში განვიხილავთ პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას, საქართველოს ეკონომიკაში. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ბრიტანელი ტურისტების რიცხვი ძალიან მნიშვნელოვნად იზრდება. შარშან იყო 40%-ანი ზრდა და წელს უკვე 9 თვის განმავლობაში საქართველოში იმაზე მეტი ბრიტანელი ტურისტი შემოვიდა, ვიდრე შარშან მთელი წლის განმავლობაში. ტექნოლოგიური და სხვა მრავალი თვალსაზრისით ბრიტანეთ არის მსოფლიოში წამყვანი ქვეყანა, აქედან გამომდინარე, ბრიტანეთიდან პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა არ არის მხოლოდ ფინანსური რესურსის მოზიდვა, ეს არის ტექნოლოგიების და წამყვანი კომპანიების საუკეთესო პრაქტიკის შემოტანა“,-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ბრისტოლის მერის მარვინ რიზის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბრისტოლისა და თბილისის მერებს შორის არსებობს ურთიერთობის გაღრმავების სურვილი, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, როგორიცაა ციფრული ეკონომიკა, განათლება, ეკოლოგია და ა.შ.
„მოხარული ვარ, რომ მმპასპინძლობენ კახა და ბადრი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მერებს შორის არსებობს პარტნიორობა. განსაკუთრებით ისეთ ძირითად სექტორებში, როგორიცაა ციფრული ეკონომიკა, ინოვაციები, განათლება, ეკოლოგია და ა.შ. ეს ის ძირითადი გამოწვევებია, რაც საქართველოს აქვს. ციფრული ეკონომიკა - ეს არის ერთ-ერთი გლობალური ტრენდი და ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა. ერთია გლობალური ტრენდები და მეორეა, უშუალოდ ქალაქს რა ესაჭიროება. რადგან ორივე მხრიდან არის სურვილი, რომ გაღრმავდეს ურთიერთობები, თანამშრომლობის კუთხით კიდევ უფრო ნათელი მომავალი გველოდება“,-განაცხადა მარვინ რიზმა.
ღონისძიების ფარგლებში ბიზნესფორუმის მონაწილეებმა თიბისი გალერეაში წარმოდგენილი გამოფენა - „ერთიანობა განსხვავებულობაში, ბრისტოლი და თბილისი 1988-2018“ იხილეს. ექსპოზიციაში თავმოყრილია როგორც საერთაშორისო აღირების მქონე, ისე დამწყები ქართველი და ბრიტანელი მხატვრების ნამუშევრები, რომლებიც 30 წლის განმავლოაბში თბილისსა და ბრისტოლში სხვადასხვა გამოფენასა და ფესტივალში იღებდნენ მონაწილეობას.
გამოფენა ასახავს კულტურულ, საგანმანათლებლო და მოქალაქეობრივ ურთიერთოობებს ამ ორ ქალაქს შორის, დასაწყისიდან დღემდე. ექსპოზიცია აერთიანებს განსხვავებული მედიისა და მასალისგან შექმნილ მრავალფეროვან მხატვრულ ნამუშავრებს, მათ შორის, ფოტოგრაფიას, ვიდეო-ინსტალაციებს, სკულპტურას, მხატვრობას.
თბილისსა და ბრისტოლს შორის დამეგობრების ხელშეკრულება 1988 წელს გაფორმდა და ის ორ ქალაქს შორის კულტურის, მეცნიერების, ტურიზმის დარგში, ასევე ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. შეთანხმების ფარგლებში, ქალაქების მერიის ინიციატივით არაერთი საინტერესო კულტურული, საგანმანათლებლო და ეკონომიკური პროექტი განხორციელდა.
R