„რეგულაციები უნდა იყოს ისეთი, რომელიც ადამიანებს საბანკო სექტორიდან არ გადაანაცვლებს არაფორმალურ ან ისეთ სექტორში, რომელიც რეგულაციებს არ ექვემდებარება“,- ამის შესახებ თიბისი ბანკის თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც ეროვნული ბანკის მიერ შემოღებულ რეგულაციებს გამოეხმაურა.
„ჩვენ ახლა სამუშაო ჯგუფები შევქმენით და ვმუშაობთ ეროვნულ ბანკთან ერთად. საბოლოო ჯამში, რეგულაციები უნდა იყოს ისეთი, რომელიც ადამიანებს საბანკო სექტორიდან არ გადაანაცვლებს არაფორმალურ ან ისეთ სექტორში, რომელიც რეგულაციებს არ ექვემდებარება. ამიტომ, ჩვენ უნდა მივიდეთ კონსენსუსამდე და იმ შეთანხმებამდე, რომელიც იქნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკიდან გამოდინარე, თუმცა ადამიანებს მისცემს საშუალებას, რომ მიიღონ უმაღლესი ხარისხის სერვისი საბანკო სექტორიდან, დაბალი საპროცენტო განაკვეთით და არ იყვნენ იძულებული წავიდნენ არაფორმალურ სექტორში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღევანდელი შემოთავაზება მოითხოვს გადახედვას, ამიტომ ვმუშაობთ ამაზე“,-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციების ძალაში პირველი ნოემბრიდან შევა. რეგულაციები სესხების გაცემისას დამეტებით შეზღუდვებს აწესებს. კერძოდ: იპოთეკაზე წესდება მაქსიმუმ 15-წლიანი ლიმიტი; უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი მაქსიმუმ 10-წლიანი იქნება; ავტოსესხი მაქსიმუმ 6-წლიანი; ნებისმიერი ტიპის სესხის ხანგრძლივობა 4 წელს არ უნდა აჭარბებდეს. ასევე იცვლება თანამსესხებლის შესახებ წესიც, ახალი რეგულაციით თანამსესხებელი მხოლოდ ოჯახის წევრი უნდა იყოს.