„ქართული ღვინის ფესტივალი 2018“ წარმატებული რთველის ჩატარების ზეიმია, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ფესტივალის გახსნაზე განაცხადა, რომელიც შარდენზე, სიონის ქუჩაზე მიმდინარეობს.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, თბილისში ღვინობისთვეს ღვინის ფესტივალის ჩატარება უკვე ტრადიციად იქცა.
„ღვინობისთვის ფარგლებში საქართველოში სხვადასხვა ღონისძიება იმართება. თავიდან ღვინის დღით დავიწყეთ და დიდი დაინტერესების შედეგად უკვე ღვინის თვეს აღვნიშნავთ, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავს, როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ეს არის წარმატებული რთველის დამთავრების აღნიშვნა, რთველი, რომელიც წელს ფერმერებისთვის რეკორდული მოსავლითა და შემოსავლით ჩატარდა. ეს არის ზეიმი. ქართული ღვინის პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რასაც მუდმივად ვახორციელებთ“,-განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
„ქართული ღვინის ფესტივალი 2018“ ონლაინმაღაზია და მედიაპორტალი allwine.ge-სა და “მეიდან ჯგუფის” ორგანიზებით უკვე მეორედ გაიმართება. დიდ კომპანიებთან ერთად, წელს მცირე მარნებიც აქტიურად ჩაერთვნენ და საკუთარ პროდუქტს წარმოადგენენ, მცირე რაოდენობთ ჩამოსხმულ ღვინოს, რომელსაც ყველგან ვერ შეხვდები.
ღვინის დეგუსტაციასთან და გამოფენა-გაყიდვასთან ერთად, ფესტივალზე სხვადასხვა სახის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი: ყველი, ჩურჩხელა, ჩირი, თაფლი და ქართული აქსესუარები“, - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.