პარლამენტის ბიუროს 15 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინება დაგროვებითი საპენსიო სისტემის ახალი მოდელის პროექტი, რომელიც “ევროპულმა საქართველომ” მოამზადა.
საპარლამენტო უმცირესობის მიერ შემუშავებული ინიციატივა ყოველ მოქალაქეს უტოვებს არჩევანს, დაგროვებით საპენსიო სქემაში ნაბაყოფლობით ჩაერთოს. ერთნაირად და თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა ასაკის ადამიანისთვის (და არა მხოლოდ 40 წელს ქვემოთ ასაკის დასაქმებულთათვის) და დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეს აძლევს არჩევანს, თავად განსაზღვროს დასაგროვებელი თანხის ყოველთვიური ოდენობა.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, “ევროპული საქართველოს” მიერ შემუშავებული დაგროვებითი საპენსიო სისტემით, 40 წლის ქალი მასწავლებელი, რომელსაც დღეს დარიცხული ხელფასი 500 ლარი აქვს და ხელზე 400 ლარს იღებს, 20 წლის შემდეგ საბაზისო პენსიაზე დამატებით თვეში 576 ლარს მიიღებს. უფრო მაღალშემოსავლიანი ადამიანების დაგროვებული პენსია კი, საბაზისო პენსიასთან ერთად, კიდევ უფრო მეტი იქნება.
“ევროპული საქართველოს” მიერ შემუშავებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა აგებულია საგადასახადო შეღავათის პრინციპზე: მოქალაქე, თუკი იგი თავისი ღირსეული სიბერისთვის ფულის დაგროვებას გადაწყვეტს და საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ჩაერთვება, ამისათვის არა მხოლოდ თავისი ხელზე ასაღები ხელფასის მცირე ნაწილს გამოიყენებს, არამედ მისივე დასაბეგრი ხელფასიდან ჩამოჭრილ საშემოსავლო გადასახადსაც, რომელიც მთავრობას დღეს ბიუჯეტში მიაქვს.
“ევროპული საქართველოს” მიერ შემუშავებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა არ იყენებს საბიუჯეტო სახსრებს და დამატებით გადასახადს არ უწესებს დამსაქმებელს. “ქართული ოცნების” დღეს უკვე დაკანონებული ძალდატანებითი საპენსიო სისტემა კი დამსაქმებელს დამატებით გადასახადს უწესებს. სამწუხაროდ, არანაირი გარანტია არ გვაქვს, რომ დამსაქმებლის მიერ ამ დასაქმებულის სასარგებლოდ საპენსიო ფონდში შესატანი თანხა ასევე დასაქმებულის ხელფასიდან არ ჩამოიჭრება. ან თუ დამსაქმებელი ახლა არ ჩამოაჭრის დასაქმებულს ამ თანხას, ხელფასს კარგა ხანს აღარ გაუზრდის. ეს კი დასაქმებულთა ისედაც დაბალშემოსავლიან უდიდეს ნაწილს კარგს არაფერს უქადის გაძვირებული ცხოვრების პირობებში. “ევროპული საქართველოს” მიერ შემუშავებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამ რისკისგან თავისუფალია. “ქართული ოცნების” დღეს უკვე დაკანონებული ძალდატანებითი საპენსიო სისტემით, დამსაქმებელს უჩნდება მოტივაცია, სამსახურში 40 წელზე ნაკლები ასაკის ადამიანები სამსახურში არ აიყვანოს, რადგან 40 წელზე ნაკლები ასაკის დასაქმებულებისთვის დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა (ამაშია მთავრობის ძალდატანება) და დამსაქმებელმაც დამატებითი თანხა აუცილებლად უნდა გადარიცხოს ყოველი ასეთი დასაქმებულის საპენსიო დეპოზიტზე. ამ დროს უმუშევრობა, საქსტატის მონაცემებით, ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ 40 წელზე ნაკლები ასაკის ადამიანებისთვისაა. მით უმეტეს, რომ 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის მდგომარეობა გაუარესდა. “ევროპული საქართველოს” მიერ შემუშავებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამ რისკისგანაც თავისუფალია. “ევროპული საქართველოს” მიერ შემუშავებული დაგროვებითი საპენსიო სისტემით, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეს დაგროვილი თანხის მთლიანად ან ნაწილობრივ საპენსიო ასაკამდე გამოტანა შეუზღუდავად შეუძლია. ასეთ დროს, თუ მინიმუმ 20 წელი აგროვებდა, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე თანხას სრულად, დაუბეგრავად იღებს. სხვა შემთხვევაში, მისაღები თანხის მოცულობა დაიბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. “ევროპული საქართველოს” მიერ შემუშავებული დაგროვებითი საპენსიო სისტემის ადმინისტრირება ხდება დამატებითი ბიუროკრატიის გარეშე, რაც მაქსიმალურად ამცირებს საპენსიო ფონდებში ჩინოვნიკების ხელის ფათურისა და კორუფციული გარიგებების შანსს. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, სადაც საპენსიო ფონდებს მთავრობები ან მათი წარმომადგენლები მართავენ, საპენსიო დანაზოგების გაფლანგვა ხდება. სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ” სწორედ ასეთი ძალდატანებითი საპენსიო სისტემა დააკანონა. “ევროპული საქართველოს” მიერ შემუშავებული დაგროვებითი საპენსიო სისტემით, საპენსიო სქემის მონაწილე თავად განსაზღვრავს არა მარტო იმას, ჩაერთოს თუ არა სქემაში, არამედ იმასაც, რომელ კომპანიას ანდოს თავისი საპენსიო დანაზოგის მართვა. ამ სისტემით, ეროვნულ ბანკს ეკისრება არსებითი როლი, რათა დაცული იყოს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესები“, - ნათქვამია საკანონმდებლო პაკეტის განმარტებით ბარათში.
საკანონმდებლო პაკეტი უმცირესობაში შემავალი სამი ფრაქციის მიერ არის ინიცირებული.