ყოფილი მთავარი პროკურორი თავისდა უნებურად საკუთარმა ადვოკატმა ამხილა?!
ოპოზიციის გარდა, ხელისუფლებას ახლა უკვე არასამთავრობო სექტორი მიუთითებს ქვეყანაში ელიტური კორუფციის ნიშნების არსებობაზე. მათ შორის ყველაზე ხშირად სახელდება ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომლის მოქმედი როლი და საქმიანობა ბევრ ეჭვსა და კითხვას ჰბადებს. ყოფილი მთავარი პროკურორი, რომელმაც თანამდებობაზე ორ თვეზე ნაკლები დაყო, დღეს სპეცავტომობილებითა და დაცვით გადაადგილდება, მრავალმილიონიან ქონებას ფლობს და მის ჩრდილოვან გავლენებზე ბიზნესსა თუ ხელისუფლებაში ბევრს საუბრობენ. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებას არც მას შემდეგ გასჩენია შეკითხვა ფარცხალაძესთან დაკავშირებით, რაც მისმა ადვოკატმა ყოფილი მთავარი პროკურორის შემოსავლის წყაროდ თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხანა დაასახელა, რომელსაც პროდუქცია ჯერ არ გამოუშვია. ხელისუფლებაში არც იმან დააეჭვათ, რომ საპარტნიორო ფონდმა, რომელიც ამ პროექტში ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-თან ერთად მონაწილეობს, კატეგორიულად უარყო ფარცხალაძის კავშირი თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელ ქარხანასთან. ფაქტია, რომ ფარცხალაძის დღევანდელი როლისა და მისი უცაბედი გამდიდრების საიდუმლო "შავ ყუთში" დევს, რომელიც სჯობს ხელისუფლების კატასტროფამდე გაიხსნას.
ყაჩაღური ქურდობისთვის მსჯავრდადებული პროკურორი...
ოთარ ფარცხალაძის პირველივე გამოჩენა "დიდ სცენაზე" სკანდალებით დაიწყო. მთავარი პროკურორის პოსტზე ფარცხალაძე სულ რაღაც ერთი თვის დანიშნული იყო, როცა ოპოზიციამ ამბავი გაახმაურა, რომ 2001 წლის 16 იანვარს, გერმანიის აუსბურგის სასამართლოს ოთარ ფარცხალაძე ყაჩაღობისთვის გაუსამართლებია და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთაც მიუსჯია. ოპოზიციის განმარტებით, საქმე ბოტასების ქურდობას ეხებოდა. ამ ინფორმაციის გავრცელებიდან ერთ კვირაში ფარცხალაძე მთავარი პროკურორის თანამდებობას ჩამოაშორეს, თუმცა მხოლოდ ფორმალურად. მოგვიანებით ოპოზიციამ იმ ავტომობილების ფოტო და ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომლითაც ფარცხალაძე და მისი ოჯახის წევრები გადაადგილდებოდნენ. ოპოზიციის მტკიცებით, ეს სატრანსპორტო საშუალებები სახელმწიფოს, კერძოდ კი ფინანსურ პოლიციას ეკუთვნოდა - ღამით ფინანსური პოლიციის სადგომზე იდგა, დღისით კი ფარცხალაძეს ემსახურებოდა. სწორედ მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ სახელმწიფო მაკონტროლებელ უწყებას რეალურად კვლავ ფარცხალაძე აკონტროლებდა და ბიზნესზე ზემოქმედების ინსტრუმენტად იყენებდა. მთავარ პროკურორობამდე ფარცხალაძე სწორედ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე და შემდეგ კი ამ უწყების ხელმძღვანელი იყო.
ფარცხალაძესთან დაკავშირებული კიდევ ერთი სკანდალი, მასსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილ უფროსს, ლაშა თორდიას შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას უკავშირდება. აუდიტის სამსახური იმ დროს მერიის მიერ ფარცხალაძის კომპანიისთვის მიწის გადაცემის საკითხს სწავლობდა. აუდიტის დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ მერიამ ყოფილი პროკურორის კომპანიას აუქციონში მონაწილეობისთვის უკონკურენტო გარემო შეუქმნა და საწყისი ფასი საბაზროზე ბევრად ნაკლები განსაზღვრა. ამ ჩანაწერის გამო თორდიას ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ყოფილ მთავარ აუდიტორს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. სხვათა შორის, ლაშა თორდია აცხადებდა, რომ ფარცხალაძე შემთხვევის დროს ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა. ბოლო ინფორმაციით, თორდია აშშ-შია, გამოძიება ამ საქმეზე ჯერაც არ დასრულებულა, სკანდალი ფარცხალაძის გარშემო კი ისევ გრძელდება.
ერთ-ერთი ბოლო აკორდი "ომეგა ჯგუფის" საქმეზე გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერები და ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუები იყო, სადაც ოთარ ფარცხალაძის "ძლევამოსილ" როლზე ბევრს საუბრობენ. ფარცხალაძის ვინაობა გაისმის ჩანაწერში, სადაც 4 მილიონის "კონტრიბუციაზე" საუბრობენ, ასევე ბანკიდან ფულის გატანისა და ყიფიანის სარდაფში ჩაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით, რომელიც თავად ყოფილმა მინისტრმა კატეგორიულად უარყო. ყოველივე ამის ფონზე ხელისუფლება მხრებს იჩეჩს და ამბობს, არაფერი ვიცი, მოდი, გამოძიებას დაველოდოთო. მმართველი გუნდი იმ გამოძიების პასუხს ელოდება, საიდანაც გამოსული ლევან ყიფიანი ამბობს, ცუდი მსახიობი ვარ და ოქუაშვილი მთხოვდა, ჩემი როლი ფარულ ჩანაწერებში რამდენიმე დუბლად ჩამეწერაო, ხოლო ფარცხალაძესთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს და სარდაფთან დაკავშირებული თრილერი სრული სისულელეაო. გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურა დღესაც ფარცხალაძის გავლენით იმართება და მის გარეშე უწყებაში კადრების მოხსნა-დანიშვნაც კი არ ხდება.
რა დევს შავ ყუთში?
3 ბინა და 4 კომერციული ფართობი თბილისში, ბინა ბათუმში, 2 ბინა ბაკურიანსა და ტაბახმელაში, მიწის 4 ნაკვეთი წავკისში - ეს ფარცხალაძის უძრავი ქონების მხოლოდ ის ჩამონათვალია, რომლის შესახებ ინფორმაციამ პრესაში გაჟონა და რომელიც ფარცხალაძემ პროკურორობის შემდეგ, ბოლო 4 წლის განმავლობაში შეიძინა. ცალკე საკითხია სხვადასხვა კომპანიები, რომელთა დამფუძნებლად ან მეწილედ ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ფარცხალაძე ხან ჩნდება და ხან ქრება. რა გარჯით იშოვა ეს ყველაფერი ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, რომელმაც დაკავებული თანამდებობა ორ თვეზე ნაკლებ დროში ორი ბინით, 1994 წელს გამოშვებული ავტომობილითა და "პროგრეს ბანკის" 100 ათას დოლარიანი სესხით დატოვა? ამ შეკითხვაზე მისმა უფლებადამცველმა ისეთი პასუხი გასცა, რაც შესაძლოა "შავი ყუთის" გაშიფვრის წინა პირობა გახდეს. ადვოკატის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე 5 წელია ბიზნესშია და მისი შემოსავლის მთავარი წყარო ქართულ-ებრაული კომპანია Elbit-ის ბიზნესპროექტია. ადვოკატის თქმით, ეს პროექტი ოთარ ფარცხალაძისთვის ერთ-ერთი საამაყოა: თუმცა მას გამორჩა, რომ თვითმფრინავის ნაწილების წარმოება 2019 წლის დასაწყისში იწყება, მას შემდეგ, რაც ქარხანა სერტიფიცირებას გაივლის. ამიტომ გაუგებარი დარჩა, როგორ მიიღო ფარცხალაძემ 5 წლის განმავლობაში შემოსავალი კომპანიიდან, რომელსაც ჯერ პროდუქციის წარმოებაც არ დაუწყია, შესაბამისად, არ გაუყიდია, არც შემოსავალი და მოგება უნახავს და იქით საჭიროებს ინვესტირებას. საპარტნიორო ფონდმა კი ფარცხალაძისა და მისი ადვოკატის ვერსიას საერთოდ ცივი წყალი გადაავლო და განაცხადა, რომ ფარცხალაძეს ამ ქარხანასთან შეხება არასდროს ჰქონია და არც ანაზღაურება მიუღია. საპარტნიორო ფონდის განცხადების შემდეგ, ფარცხალაძის ადვოკატმა ყოველგვარ კომენტარზე უარი განაცხადა, რაც დამატებითი ეჭვების საფუძველი გახდა. იქნებ ადვოკატმა შეცდომა დაუშვა, იმაზე მეტი ილაპარაკა, ვიდრე საჭირო იყო, თავისდა უნებურად ამხილა თავისი კლიენტი და კიდევ ერთ საეჭვო მაქინაციაზე მიუთითა?! თუ როგორ, ამას ახლავე გიამბობთ:
არსებობს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით დადასტურებული განკარგულება, რომელიც 2015 წლის 25 აგვისტოთი თარიღდება და რომლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, თბილისში, ქვემო ალექსეევკის დასახლება ნავთისხევში მდებარე 62 887 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 200.000 ლარად საკუთრებაში შპს "როიალ დეველოფმენთს" უნდა გადაეცეს. ამ დროს "როიალ დეველოფმენთის" 40%-იან წილს ფარცხალაძე ფლობდა და კომპანიის დირექტორიც ის იყო. ამავე განკარგულებაში წერია, რომ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 24 თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, კომპანიამ აღნიშნულ მიწაზე 3000 კვმ ფართობის შენობების მშენებლობა და ექსპლუატაციაში მიღება უნდა უზრუნველყოს. ანუ კომპანიას შეეძლო, სახელმწიფოსგან ნაყიდ მიწაზე შენობების აშენების ვალდებულება მესამე პირისთვის, სხვა კომპანიისთვის დაეკისრებინა. მაშ, რისთვის სჭირდებოდა "როიალ დეველოფმენთს" მიწა, რომელიც სახელმწიფოსგან საბაზრო ღირებულებაზე ბევრად ნაკლებად, 1 კვმ სულ რაღაც 3,18 ლარად - სიმბოლურ ფასად შეიძინა? საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ზუსტად ერთ წელიწადში, 2016 წელს, იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელიც ფარცხალაძის კომპანიამ სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად იყიდა, სააქციო საზოგადოება "აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები", იგივე "ციკლონი" ხდება. გასათვალისწინებელია, რომ ამ დროს ჯერ კიდევ არ არის გასული საპრივატიზაციო ხელშეკრულებით ნაკისრი 24-თვიანი ვადა და საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე გარიგების საფუძველზე ხდება. გამოდის, რომ ფარცხალაძის კომპანიამ სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად მიიღო მიწის ნაკვეთი და ერთ წელიწადში "გარიგების" საფუძველზე იმ კომპანიას გადასცა, რომელმაც ტერიტორიაზე თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა ააშენა და პროდუქციის გამოშვებასაც გეგმავს.
ეს გარიგება კომერციულ საიდუმლოებას მიეკუთვნება და დეტალები უცნობია. ფაქტი ერთია - ფარცხალაძის კომპანიამ სახელმწიფოსგან კაპიკებად მაინცდამაინც ის მიწა იყიდა, სადაც ერთ წელიწადში 90-მილიონიანი პროექტისთვის მშენებლობა დაიწყო. შესაბამისად, ეს "გარიგება" საკმაოდ დიდი "კუშის" მოხსნის შესაძლებლობას იძლეოდა.
"ამ გარიგების შემდეგ ფარცხალაძის გვარ-სახელი "როიალ დეველოფმენთის" დამფუძნებლებიდან გაქრა. თუმცა ამას ბიძგი მისცა "საერთაშორისო გამჭვირვალობის" 2016 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომლის თანახმად, ფარცხალაძისა და საპარტნიორო ფონდის ინტერესები იკვეთებოდა. "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ინფორმაციით, სწორედ კვლევაზე მუშაობისას აორთქლდა ფარცხალაძე "როიალ დეველოფმენთიდან".
წესით, ამ მასალის გამოქვეყნების შემდეგ სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გადასცა სახელმწიფომ სიმბოლურ ფასად ფარცხალაძის კომპანიას უზარმაზარი ტერიტორია, თან ის ტერიტორია, სადაც ერთ წელიწადში თვითმფრინავების ქარხნის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო. სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ, ხომ არ შეიცავს ეს კორუფციისა და ხელისუფლების მხრიდან ერთი კაცისთვის სასათბურე პირობების შექმნის ნიშნებს.დიახ, უნდა დაინტერესდნენ, თუმცა ფარცხალაძის მიერ კონტროლირებული პროკურატურა დაინტერესდება ფარცხალაძის საეჭვო მაქინაციების გამოძიებით?!
ზოგადად, ფარცხალაძის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი უპირველესად ხელისუფლების იმიჯს ანადგურებს და თუ დუმილი და თვალის დახუჭვის პოლიტიკა გაგრძელდა, შესაძლოა ისეთი ამბები ატყდეს, ფარცხალაძე უკვე აღარავის ახსოვდეს.
ემა ტუხიაშვილი