პანკისის ხეობაში არჩვზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოვლინდა.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, პანკისის ხეობაში, ხადორჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადამოწმების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გააჩერეს მოქალაქეები, რომლებსაც აღმოაჩნდათ რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ჩეზეს მარკის 3 ცალი შაშხანა, სავარაუდოდ, საბრძოლო ვაზნებით და ასევე მოკლული და დანაწევრებული 1 ერთეული მამალი არჩვი.
„შემდგომი გადამოწმებით დადგინდა, რომ მოქალაქეები: ბ.ქ., ა.ბ. და ვ.ნ. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები იყვნენ. ფაქტის გამოვლენის შემდგომ, მათ დაკავებული თანამდებობები, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს. არჩვი საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოკვლის შემთხვევაში, გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა 30 000 ლარს შეადგენს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნება“, – აცხადებენ დეპარტამენტში.