დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლება რუსეთს ახალი "შეთანხმების" გაფორმებას სთხოვს, რომლითაც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული რუბლი ოფიციალურად გამოცხადდება გადახდის საშუალებად.თუმცა ოფიციალური მოსკოვი ამ ნაბიჯის გადადგმას არ ჩქარობს და "აფხაზეთის საბანკო სისტემაში" რთული ვითარებაა შექმნილი, - წერს გაზეთი "რეზონანსი".
ცნობისათვის, დღეს რუსული რუბლი აფხაზეთში, პრაქტიკულად, გადახდის ერთადერთი საშუალებაა. მართალია, სეპარატისტებმა გამოუშვეს საკუთარი "ეროვნული ვალუტა" - აპსარი, მაგრამ, 2008 წელს მიღებული "კანონის" თანახმად, მას მხოლოდ სიმბოლური და საინვესტიციო დანიშნულება აქვს და მიმოქცევაში არ გამოიყენება.
აფხაზეთის ტერიტორიაზე რუბლის გადამხდელ საშუალებად ოფიციალურად გამოცხადების საკითხი დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა ადგურ არძინბამ სოხუმში გამართულ მე-9 რუსულ-აფხაზურ საქმიან ფორუმზე დასვა.
"რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, რადგან მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს პრაქტიკა, ვალუტის გამოყენება არ იყოს დაკანონებული ცალკეული შეთანხმებებით", - განაცხადა ადგურ არძინბამ.
მისივე თქმით, აფხაზეთს არ აქვს წვდომა რუსეთის ფინანსურ ბაზარზე, რაც პერიოდულად "რესპუბლიკაში" ნაღდი ფულის მწვავე დეფიციტს იწვევს და "ეკონომიკის განვითარებას" აფერხებს.
ამის საპასუხოდ რუსეთის ჩრდილო კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ კოშინმა აღნიშნა, რომ "ეს რთული საკითხია და აუცილებლად უნდა განიხილონ, შემდეგ კი მოგვარდეს".
პოლიტიკური ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ეს "შეთანხმება", რომელიც შესაძლოა, გაფორმდეს, უბრალო ფორმალობაა, რადგანაც რუსულ რუბლს ისედაც ათვისებული აქვს აფხაზეთი.
"იქ ყველაფერი რუსული რუბლით ხდება, სხვა ვალუტა არ არსებობს აფხაზეთის ტერიტორიაზე. ე. წ. შეთანხმებები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება, ხელმოწერილია. ეკონომიკურად რუსეთის ფედერაციას აფხაზეთის ტერიტორია ათვისებული აქვს. პოლიტიკურად იქ არავითარი პრობლემა არ აქვს რუბლს და რუსულ ეკონომიკას.
ამ გადაწყვეტილებით არაფერი არ შეიცვლება. შესაძლებელია, კიდევ უფრო გამყარდეს რუსული ეკონომიკა აფხაზეთის ტერიტორიაზე, ანუ ეს შეიძლება მიმართული იყოს გასამყარებლად - ამაში არ არის არაფერი ახალი. იქ ყველაფერი რუბლის საშუალებით ხდება, სხვა ვალუტა აფხაზეთის ტერიტორიაზე არ მოქმედებს.
შესაბამისად, როგორც ჩანს, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას სჭირდება რეგულაციის მეტად გამკაცრება და მკაფიოობა. შესაძლოა, შიგნით რაღაც პრობლემები არსებობდეს რუბლის გამოყენების მიმართულებით და მათი მიზანი იქნება ამ ხარვეზების გამოსწორება.
შეგვიძლია ისიც ვივარაუდოთ, რომ ამ გზით უნდათ უცხოური ვალუტის მოქმედების გამორიცხვა. როგორც მე ვიცი, დოლარი და ევრო აფხაზეთის ტერიტორიაზე ფორმალურ მიმოქცევაში არ არის.
განსაკუთრებული რუსული ჩარევა მოსალოდნელი აღარ არის, რადგან უკვე მოხდა. ასე რომ, ამაზე მეტი, რაც არის, შეუძლებელია მოხდეს, ალბათ რეგულაციაზეა საუბარი - ხდება დახვეწა გარკვეული ეკონომიკური პარამეტრებისა, რათა აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე ეკონომიკური პროცესები უკეთ იყოს მორგებული რუსეთის ნორმატიულ აქტებს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ტატა შოშიაშვილი
გაზეთი "რეზონანსი"