ნდობის ჯგუფის სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის იმ ნაწილზე იმსჯელეს, რომელიც სპეციალური პროგრამებისთვის თანხების გამოყოფას შეეხება

პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის იმ ნაწილზე იმსჯელეს, რომელიც სპეციალური პროგრამებისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ პროგრამებისათვის გასათვალისწინებელი თანხების გამოყოფას შეეხება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის დეპარტამენტის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმოამდგენლებს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვების პუნქტი გააცნო და მათი მოსაზრებები მოისმინა.

„ნდობის ჯგუფის სხდომაზე ყველა უწყებას მოვუსმინეთ. გავეცანით, თუ რა გეგმა აქვთ მათ მომავალი წლის ბიუჯეტთან მიმართებაში, რაც საიდუმლო შესყიდვებს უკავშირდება. ასევე ვისაუბრეთ საჭიროებებზე, პრობლემებზე და გამოწვევებზე, რომლებსაც ჩვენს დასკვანში ავსახავთ და ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციებით მივმართავთ. მიზანი ერთია - ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცება და შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა“, - განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა.

ნდობის ჯგუფის სხდომაზე, მეორე საკითხად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ - ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შემოწმებასთან დაკავშირებული ანგარიში მოისმინეს. ირაკლი სესიაშვილმა ნდობის ჯგუფის წევრებს, მის მიერ სააგენტოს საქმიანობის შემოწმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და შესაბამისი რეკომენდაციებიც გააცნო.

ნდობის ჯგუფის სხდომას ირაკლი სესიაშვილი, ეკა ბესელია და ირაკლი აბესაძე დაესწრნენ.