ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეამ გააფორმეს შეთანხმება, რომელიც ორ ქვეყანას შორის, სარკინგზო და საავტომობილო გზების დაკავშირებას ითვალისწინებს.
მხარეებს შორის შეთანხმება სასაზღვრო სოფელ პანმუნიომში გაფორმდა, სადაც მოლაპარაკების ძირითადი მიზანი, სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მონ ჟაე-ინსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ იონ უნს შორის, მესამე სამიტის მომზადება იყო.
ახალი დამაკავშირებელი გზების მშენებლობის გახსნის საზეიმო ცერემონია ნოემბრის ბოლოს, ან დეკემბრის დასაწყისში გაიმართება. ორ კორეას შორის მიმოსვლა კორეის 1950-53 წლების ომის შემდეგ არის შეწყვეტილი. მანამდე კი ორივე ქვეყანა ერთობლივად დაიწყებს სატრანსპორტო პროექტების მომზადებას და საველე სამუშაოებს.
პარალელურად, ორი კორეის სამხედრო უწყებები უახლოეს მომავალში შეხვდებიან, რათა მათ შორის სამხედრო პაქტი მოამზადონ. ამ ფაქტის ფარგლებში, მხარეები შექმნიან ერთობლივ სამხედრო კომისიას და შეწყვეტენ სამხედრო სწავლებებს, რომლებიც ერთმანეთის საწინააღმდეგოდ არის მიმართული. ასევე გაუქმდება სასაზღვრო ზონაში არსებული ფრენების შეზღუდვა. მომდევნო ეტაპზე, დაიწყება დანაღმული ზონების განეიტრალება.