საწვავის ხარისხის კონტროლის მიზნით, ნოემბერში საქართველოში არსებული 80 ბენზინგასამართი სადგური შემოწმდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნელი კორკოტაძემ განუცხადა, შემოწმება წინასწარი გაფრთხილების გარეშე განხორციელდება და მის ფარგლებში დაახლოებით 240-მდე სინჯის აღება მოხდება.
მისივე ინფორმაციით, კომპანიებს, რომლებიც ნორმებთან შეუსაბამო საწვავის რეალიზაციას ახდენენ, 8 000 ლარის ოდენობის სანქცია დაეკისრებათ.
„ჩვენ ნოემბერში დაახლოებით 80 სადგურზე საწვავის ხარისხის კონტროლს განვახორციელებთ. აღებული იქნება 240-მდე სინჯი და შევამოწმებთ, რამდენად შესაბამისობაშია საწვავის ხარისხი დღეს მოქმედ კანონმდებლობასთან. გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს უკვე გამოცხადებული აქვს ტენდერი და საერთაშორისო სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მეშვეობით უზრუნველვყოფთ ამ კვლევების ჩატარებას. შემოწმებები განხორციელდება მოულოდნელად. კომპანიებთან შესამოწმებლად მივალთ ისე, რომ მათ ამის შესახებ არ ეცოდინებათ.
როდესაც ქვეყანაში ისეთი ბენზინის ან დიზელის საწვავის იმპორტი ხდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს, სანქცია გახლავთ 10 000 ლარი, ხოლო რეალიზაციისას თუ ხდება ისეთი საწვავის მიწოდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს ნორმებს, სანქცია გახლავთ 8 000 ლარი,“ - განაცხადა ნელი კორკოტაძემ.
მისივე ინფორმაციით, მთავრობის დადგენილების პროექტის მიხედვით, დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობის ზღვარი კიდევ უფრო გამკაცრდება. როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან, დიზელში გოგირდის შემცველობის ნორმა არაუმეტეს 50 მილიგრამისა იქნება, თუმცა ამ ნორმების კიდევ უფრო გამკაცრება იგეგმება.
„მომზადებულია მთავრობის დადგენილების პროექტები, რომლის შესაბამისად დიზელის საწვავთან დაკავშირებით ნორმებს ვამკაცრებთ. ბენზინთან მიმართებაში საკმაოდ კარგი ნორმები გვაქვს, რომელიც ევროკავშირის ნორმებს უტოლდება.
დიზელის საწვავთან დაკავშირებით მთავარი პრობლემა გახლდათ გოგირდის შემცველობა. 2019 წლის 1-ელი იანვრიდან მთავრობის დადგენილების შესაბამისად, დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობის ნორმა იქნება არაუმეტეს 50 მილიგრამისა მაშინ, როცა დღეს მოქმედ რედაქციაში ეს გახლავთ 100 მილიგრამი. მიუხედავად იმისა, რომ ზღვარი განახევრდება, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეს ნორმა კიდევ უფრო გაამკაცროს და გოგირდის შემცველობის ზღვარი დიზელის საწვავში კიდევ უფრო დაწიოს. მთავრობის დადგენილების ეს პროექტი უკვე მომზადებულია და უახლოეს მომავალში წარედგინება მთავრობას,“ - განაცხადა ნელი კორკოტაძემ.