"მომავალ წელს დედაქალაქელებს ბევრ საინტერესო პროექტს და ინიციატივას შევთავაზებთ"

თითქმის ერთი წელია თბილისს ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს.რა გაკეთდა ამ ერთი წლის განმავლობაში ახალი მერის და მისი გუნდის მიერ და ჯერ კიდევ რა გამოწვევების წინაშე რჩება დედაქალაქი, „ინტერპრესნიუსი“ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, ერთი წელი გავიდა, რაც დედაქალაქს ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს. პირველ რიგში რომ შეაფასოთ, რამდენად ეფექტურია კახა კალაძის, როგორც მერის საქმიანობა?

- კახა კალაძე ძალიან წარმატებულად ახორციელებს მასზე დაკისრებულ უფლება–მოვალეობებს. ის ძალიან ენერგიულად და წარმატებით ჩაერთო პირველივე დღიდან. მისი მერობის პირველივე წელს თბილისის ბიუჯეტი 74 მლნ ლარით გაიზარდა, რამაც ქალაქს მეტი საშუალება გაუჩინა. ეს არის თანხები, რომლებიც ძირითადად მიმართულია მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშოების განსახორციელებლად. ასევე, ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციისთვის. იცით, რომ ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების სრული რეაბილიტაცია ხდება და ამაში საკმაოდ სოლიდური თანხები იხარჯება.

დედაქალაქში დაიწყო და ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები სხვადასხვა მიმართულებებით. მინდა გამოვყო სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმა.

დედაქალაქში დაგეგმილია ავტობუსების პარკის სრული განახლება, მეტროს მოდერნიზაცია, მიკროავტობუსების მოწესრიგება-ჩანაცვლება, სატრანსპორტო მარშუტების განახლება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სინქრონიზაცია, რის შედეგადაც, ოპტიმალურად განაწილდება მგზავრთა ნაკადები და გაიზრდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა.

წლის ბოლოსთვის დედაქალაქში შემოვა „მანის“ მარკის 90 ახალი ავტობუსი, რისთვისაც ტენდერი უკვე ჩატარდა. ახალი ავტობუსების შეძენის პროცესი გრძელდება, უკვე დაწყებულია 220 ახალი ავტობუსის შეყიდვის პროცესი და 2019 წლის ბოლომდე ქალაქის ავტობუსების პარკი მთლიანად განახლდება. დაახლოებით 150 ავტობუსს „იბიარდის“ დახმარებით იქნება შეძენილი, რისთვისაც ორგანიზაციამ ინტერესთა გამოხატვა უკვე გამოაცხადა. ასევე, „აზიის განვითარების ბანკის“ დახმარებით მიმდინარეობს 90 ერთეული ელექტროავტობუსის შეძენასთან დაკავშირებული პროცედურები.

მინდა ასევე თქვენი ყურადღება შევაჩერო, მეტროზეც. მეტროს უკვე 4 მოდერნიზებული შემადგენლობა დაემატა, რამაც გამოიწვია მეტროს ბაქნებზე მგაზვრთა მოცდის რეჟიმის სამ წუთამდე შემცირება. სულ დაგეგმილია 12 შემადგენლობის დამატება, რაც საშუალებას მოგვცემს პიკის საათის დროს მგზავრთა მოცდის შუალედი 2,5 წუთამდე შემცირდეს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეტრო სადგურების: “სამგორის“,“ავლაბრისა“ და „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები და ასევე, საპროექტო სამუშაოები, რომელიც ჯამში 10 მეტროსადგურის რემონტს ითვალისწინებს.

ზოგადად, სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმის მიზანი მგზავრთა სწრაფი, კომფორტული, უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა და ჰაერის დაბინძურების ხარისხის მნიშვნელოვანი შემცირებაა.

- მინდა ტაქსებთან დაკავშირებით გკითხოთ. კახა კალაძემ ამ ერთი წლის განმავლობაში არაერთი მასშტაბური რეფორმა დაანონსა, რომელთა შორის ერთ–ერთია სწორედ ტაქსების რეფორმაა. ყველა თანხმდება, რომ ეს რეფორმა აუცილებელია, თუმცა საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ დედაქალაქში სხვა უამრავი სატრანსპორტო პრობლემაა. ამ ფონზე რამდენად იყო ტაქსებთან დაკავშირებული საკითხის პირველ რიგში მოგვარების აუცილებლობა?

- მე ვერ დაგეთანხმებით, რომ მერიამ ტაქსების რეფორმით დაიწყო. ტაქსების რეფორმა ამ სატრანსპორტო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. რა თქმა უნდა, მთავარი აქცენტი ქალაქის ცხოვრებაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლის გაზრდასა და ინდივიდუალური ტრანსპორტის მოხმარების შემცირებაზე გაკეთდება. ამასთან, ძალზედ მნიშვნელოვანია ტაქსების რეფორმა, რომელიც ახალი, კომპლექსურად გააზრებული სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია. ეს რეფორმა მოგეხსენებათ, ახლახანს დაიწყო. ამა წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს უკვე გაცემული აქვს 12 000-მდე ნებართვა.

ტაქსის მძღოლებისთვის სხვადასხვა სახის შეღავათები დაწესდება. თბილისის მერიამ შეიმუშავა რეფორმის ისეთი სტრუქტურა და კონცეფცია, რომლის ფარგლებში, მფლობელს, რომლის ტაქსი რეგისტრირებულია 2018 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით, გავლილი აქვს ტექნიკური ინსპექტირება, არის მარცხენასაჭიანი და აქვს 4 კარი, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

- ახლახან კახა კალაძემ ტაქსის მძღოლებისთვის შეთავაზება გააჟღერა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, ტაქსის თეთრ ფერში გადასაღებად ნაკლები დანახარჯები ჰქონდეთ. საამისოდ ორი წლის განმავლობაში საკუთარ ტაქსზე კომპანიის რეკლამა უნდა განათავსონ. ექსპერტები საუბრობენ, რომ ეს არის კაბალური პირობები მძღოლებისთვის, რადგან რეკლამის საფასური ორი წლის განმავლობაში გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ავტომობილის გადასაღებად საჭირო თანხა. ეს რამდენად ადეკვატური შეთავაზებაა მძღოლებისთვის?

- როგორც მოგეხსენებათ, რეფორმის მეორე ეტაპი მომავალი წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება და ტაქსის ვიზუალური სტანდარტის შემოღებას ითვალისწინებს. ვიზუალური სტანდარტი მოიცავს ფერს. კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით, ტაქსის მძღოლებს უსასყიდლოდ გადაეცემათ ავტომანქანის შეღებვის ვაუჩერი. ტაქსებში მეტი სისუფთავის უზრუნველყოფის მიზნით კი, ტაქსებს გადაეცემათ ავტომანქანის სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერები.

ეს მძღოლებისთვის შეთავაზებაა და არა ვალდებულება. სურვილის შემთხვევაში, მძღოლს საშუალება ექნება, არ გაწიოს ხარჯი, რომელიც შესაძლოა, ტაქსის ფერის შეცვლასთან იყოს დაკავშირებული. ეს კი მოხდება არა ბიუჯეტის სახსრებით, არამედ კერძო კომპანიის მიერ მძღოლის ტაქსზე რეკლამის სანაცვლოდ. აღნიშნული ნებაყოფილობითია. მძღოლს თუ ექნება სურვილი, ეს სამუშოები თავად გაწიოს, რა თქმა უნდა, ეს მისი ნებაა. საუბარი იმის შესახებ, რომ ვინმე ცუდ პირობებში აღმოჩნდება ან ვინმესთვის არასწორი გადაწყვეტილების მიღება ხდება, სწორი არ არის. პირიქით, ვფიქრობ, ეს ტაქსის მძღოლისთვის ლოგიკური და გონივრული შეთავაზებაა. ეს არის ტაქსის მძღოლებისთვის შესაძლებლობა, დანახარჯის გარეშე საკუთარი ავტომობილი ტაქსის ნებართვის მისაღებად საჭირო კონდიციამდე მიიყვანოს.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ტაქსის მფლობელებს ამ ყველაფრისთვის არ მოუწევთ არც ერთი ლარის გადახდა და არც ქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯება ფინანსები. აღნიშნულ ვაუჩერებს ტაქსების მფლობელებს გადასცემს მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია, რომელიც ტაქსებზე ორი წლით რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, დააფინანსებს ტაქსების გადაღებვის სამუშაოებს და სალონის ქიმიურ წმენდას.  განაგრძეთ   კითხვა