საგზაო უსაფრთხოების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში საქართველოში გაზრდილი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამო და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
ქვეყანაში ამ მხრივ არსებული საგანგაშო ვითარების გამო "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა, „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა, “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დირექტორმა ირაკლი იზორიამ და ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ ურუშაძემ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
დავით მესხიშვილმა მედიას პრემიერისადმი მიმართვის ტექსტი და საგზაო შემთხვევების სტატისტიკა გააცნო. მესხიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პრემიერი ამჯერად მაინც დანიშნავს მათთან შეხვედრას.
დავით მესხიშვილის თქმით, იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში 4196 საგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც 307 დაიღუპა და 5989 პირი დაშავდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, საქართველოში საგზაო შემთხვევების რაოდენობა 7%-ით ანუ 292 შემთხვევით გაიზარდა. დაშავებულთა რაოდენობა კი 8 %-ით გაიზარდა, რაც 443 ადამიანს შეადგენს. წინა წელთან შედარებით ასევე, თბილისში საგზაო შემთხვევების რიცხვი 4%-ით გაიზარდა, დაშავებულები კი 2%-ით. საქართველოში მომხდარი ავტოავარიის 47%, დაზიანებების 41% და დაღუპულთა 20% დედაქალაქზე მოდის.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ყოველწლიურად, საქართველოში საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 550-დან 600-მდე ადამიანი იღუპება და 10 000-მდე ადამიანი ტრამვას იღებს.
"საქართველოს ეს მაჩვენებლები ევროპის საშუალო ქვეყნის მონაცემებს სამჯერ აღემატება, ხოლო 5-ჯერ საუკეთესო ქვეყნის მონაცემებს. ვითარება საგანგაშოა და მოითხოვს უმაღლესი ხელისუფლების პირთა აქტიურ ჩართულობას და საკითხის კონტროლის ქვეშ აყვანას", - განაცხადა დავით მესხიშვილმა.