„მაიკროსოფტის“ თანადამფუძნებელი პოლ ალენი 65 წლისა გარდაიცვალა

„მაიკროსოფტის“ თანადამფუძნებელი პოლ ალენი, არა-ჰოჯკინსის ლიმფომის გართულებებით, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ალენმა ამ თვის დასაწყისში გამოაცხადა, რომ განაახლა არა-ჰოჯკინსის ლიმფომის მკურნალობა. ეს სისხლის კიბოს ის სახეობაა, რომლისგანაც ალენი 9 წლის წინათ განიკურნა.

ალენი ქალაქ სიეტლში (შტატი ვაშინგტონი), 1953 წლის 21 იანვარს დაიბადა. ორი წელი შტატ ვაშინგტონის უნივერსიტეტში სწავლობდა, თუმცა შემდეგ თავის სკოლის მეგობარ ბილ გეიტსთან ერთად, 1975 წელს კომპანია „მაიკროსოფტი“ დააარსა.

1983 წელს ჰოჯკინსის ლიმფომა აღმოაჩნდა, რამდენიმე თვეში კი, გეიტსთან უთანხმოების გამო, „მაიკროსოფტი“ დატოვა, თუმცა მის დირექტორთა საბჭოში 2000 წლამდე შედიოდა. 1986 წელს ალენმა საკუთარი საინვესტიციო კომპანია „ვულკან ინკორპორეიტედი“ დააარსა, რომლითაც საკუთარ მრავალმილიონიან პორტფელს განაგებდა. ალენი მილიარდობით დოლარს იახტებზე, სპორტში, როკ მუსიკისთვის, ტვინის კვლევებში, უძრავ ქონებასა და სხვა სფეროებში აბანდებდა. ალენმა თავისი საყვარელი მუსიკოსის, ჯიმი ჰენდრიქსის მუზეუმის ასაშენებლად, 250 მილიონი დოლარი დახარჯა. მასვე ეკუთვნოდა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი იახტა „ოქტაპუსი“, რომლის სიგრძე 122 მეტრია.

„ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და ძველი მეგობრის გარდაცვალებით ძალიან გულგატეხილი ვარ“, - განაცხადა ბილ გეიტსმა, ვინც სწორედ ალენის რჩევით დაანება სწავლას თავი და მასთან ერთად, „მაიკროსოფტი“ დააფუძნა.

ალენი ჟურნალ „ფორბსის“ 2018 წლის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 44-ე ადგილზე იმყოფებოდა 21.7 მილიარდი დოლარის ქონებით. ის თავის სიმდიდრეს უშურველად ახმარდა თავის მშობლიურ ქალაქ სიეტლს. ალენსვე ეკუთვნის არაერთი სპორტული კლუბის, მათ შორის, საკალათბურთო „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის“, ამერიკული ფეხბურთის „სიეტლ სიჰოქსის“, და საფეხბურთო კლუბ „სიეტლ სანდერსის“ აქციები. ალენს ეკუთვნის პატენტი 42 გამოგონებაზე. ის თავის თავს ხშირად ტექნოლოგიების შორსმჭვრეტელად მოიხსენიებდა.