მაღვიძარა ამ კვირაში უკვე მეექვსედ რეკავს, უკვე მეექვსედ ავდექით დილის შვიდ საათზე და იმის შეგრძნება დაგვყვა, რომ დღეს რაიმე განსაკუთრებული სამოსის შერჩევის სურვილიც კი აღარ გვაქვს.
ფიქრებში უკვე საღამოს რვა საათია ჩვენ კი ჩვენს საყვარელ საწოლს ვუბრუნდებით. მაგრამ ეს მხოლოდ ფიქრებში, სინამდვილეში კი წინ სულ მცირე 8-საათიანი სამუშაო დღე გველის, ახალი დავალებებით, ახალი გამოწვევებით, ახალი წინააღმდეგობებითა და ერთი მთავარი კითხვით, როგორ დავრჩეთ კრეატიულები, დავიბრუნოთ მუშაობის მოტივაცია და ვიყოთ ნაყოფიერები იმის ნაცვლად რომ მთელი დღე საინტერესო ფილმსა და თბილ საწოლზე ვიფიქროთ. ამ და სხვა კითხვებით Allnews.ge-მ ტრენერს კრეატივისა და იდეების გენერირების
ტექნიკაში კოტე იანტბელიძეს მიმართა.
როგორ გავხდეთ უფრო კრეატიულები სამუშაო პროცესში?
სამუშაოს და მის პროცესს გააჩნია. თუ გვინდა, რომ კრეატიულები გავხდეთ სამუშაო პროცესში, ეს უნდა გვინდოდეს სამუშაო პროცესის შემდეგაც და მანამდეც, ანუ მუდმივად. ეს რომ გვინდოდეს მუდმივად, მაშინ ჩვენი საქმე უნდა გვიყვარდეს და გვსიამოვნებდეს. თუ გონებას ვაძლევთ კრეატიულ ამოცანას, ის აუცილებლად მოგვაწვდის უამრავ სავარაუდო პასუხს და აზრს. საჭიროა ამ აზრების სათანადოდ მოსმენა, მიუხედავად იმისა, სამუშაო საათებში ხართ თუ არა. გონებას არ აქვს სამუშაო საათები, ის ყოველთვის მუშაობს და როდის მოგაწვდით მაგარ იდეას, არავინ იცის... ეს შეიძლება იყოს ძილი, შუაღამე, აბაზანა, საცობი, მაღაზია და ა.შ. გაელვებული იდეა რომ შეამჩნიოთ და არ გამოგეპაროთ, საჭიროა განწყობა. როდესაც განწყობილი ხარ, რომ შეამჩნიო იდეა, მინიშნება, უხილავი კავშირები, ახალი იდეები აუცილებლად ჩნდება.
რა ძირითადი პირობები უნდა ჰქონდეს თანამშრომელს შექმნილი დამსაქმებლის მხრიდან კრეატიულად და ნაყოფიერად მუშაობისთვის?
ისევ და ისევ სამუშაოს გააჩნია. კრეატიულად და ნაყოფიერად მუშაობისთვის ნამდვილად საჭიროა კარგი პირობები. კარგი პირობაა, მაგალითად, გონივრული დროის გამოყოფა იდეის მოსაფიქრებლად. როგორც წეღან ვთქვი, გონებას სჭირდება დრო, რომ ეძებოს ახალი რაკურსებით, გააკეთოს ბევრნაირი დაშვება, მოსინჯოს ბევრი კომბინაცია და ა.შ.
კარგი პირობაა ასევე, კარგი გუნდი. ვგულისხმობ გუნდს და არა ჯგუფს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კარგ გუნდში იციან, რომ სულელური იდეა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ დაუმუშავებელი იდეა. ამიტომ ასეთი გუნდი ყოველთვის ძალიან გახსნილია ერთმანეთთან, ინფორმაციულია, შეთამაშებულია და მათ თათბირზე, რომელიც ბევრად არ განსხვავდება მეგობრული შეკრებისგან, კარგი იდეებიც ჩნდება. ასეთ თათბირზე ერთ შემთხვევით დამსწრესაც კი შეუძლია ყველაფერი გააფუჭოს.
კარგი პირობაა კარგი ანაზღაურებაც. დამსაქმებელი ფულს იმაზე მაგარ პროდუქტში ვერ გადაცვლის, ვიდრე იდეაა. ვინც ამას გვიან გაიაზრებს, იმას კონკურენტები აჯობებენ იდეებით. როდესაც ადამიანი იდეაზე ფიქრობს, მან მთელი გონება და დრო უნდა დაუთმოს ამ საქმეს. თუ ადამიანი ნახევარი გონებით იდეაზე ფიქრობს და მეორე ნახევარი გონებით სხვა სამსახურშია, დამატებით შემოსავლის გამო, დიდი ალბათობით, "ისერა" იდეებს ვერ გასცდება.
ასევე კარგი პირობაა დაზუსტებული და კარგად ჩამოყალიბებული ამოცანა. ზოგჯერ ამოცანა ბუნდოვანია და ამის გამო არ ჩნდება სწორი იდეა. მოკლედ, პირობების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა, კარგი იდეა ამად ღირს და თან როგორ...
მაინტერესებს სამუშაო ადგილის ინტერიერს თუ აქვს გავლენა თანამშრომლის კრეატიულობასა და ნაყოფიერებაზე და თუ აქვს როგორი უნდა იყოს ეს გარემო?
კრეატიულობაზე ყველაფერს აქვს გავლენა, სამუშაო გარემოსაც, ინტერიერსაც, გვერდით მჯდომსაც, ოთახის ელფერსაც და წვრილმან ნიუანსებსაც. მთავარია, ადამიანი კომფორტულად იყოს. კომფორტი ყველა ადამიანს სხვადასხვაგვარად ექმნება, ზოგს სიმყუდროვით, ზოგს მუსიკით, ზოგს შეთამაშებულ ადამიანთან საუბრით და ა.შ. ესეც ინდივიდუალურია, რა თქმა უნდა. ერთი მხრივ, თუ კომპანიას ამ კომფორტის შექმნა შეუძლია, ხოლო მეორე მხრივ, თუ თანამშრომელს იმის ჩვენება შეუძლია, რომ ეს კომფორტი რენტაბელურია, მაშინ იქ ძალიან მაგარი და კარგი ამბები მოხდება. განაგრძეთ კითხვა