ენერგოეფექტურობის პროგრამის განხორციელებით წარმოქმნილი დანაზოგი საქართველოში ენერგომოხმარებას გაცილებით ეფექტურს გახდის,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ სამინისტროში, სამუშაო ჯგუფის მონაწილეებთან შეხვედრისას განაცხადა.
თურნავას თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელებამ შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს საქართველოს ენერგეტიკის განვითარებაზე.
მისი თქმით, ინდუსტრიასა თუ საყოფაცხოვრებო მეურნეობაში ენერგოეფექტურობის პროგრამის განხორციელებით წარმოქმნილი დანაზოგი საქართველოში ენერგომოხმარებას გაცილებით ეფექტურს გახდის.
ნათია თურნავას განცხადებით, ეს ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, ახალი გენერაციის ობიექტების დაჩქარებულად მწყობრში შესვლის პარალელურად, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვით დიდ დანაზოგებს მივაღწევთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ვფიქრობთ ენერგოეფექტურობის ასახვა ენერგეტიკის განვითარების ზოგად სტრატეგიაში, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის ენერგეტიკის პერსპექტივებს უკეთესობისკენ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კანონპროექტი ენერგოეფექტურობის შესახებ და თანმდევი ნორმატიული აქტები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, ევროპელ კონსულტანტებთან ერთად მომზადდა და საქართველოს პარლამენტს განსახილველად მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა წარედგინოს.
„ეს საშუალებას მისცემს საქართველოს განახორციელოს ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებები, შეასრულოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით და ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანებით აღებული ვალდებულებები.
სამუშაო შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის „საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის შემუშავებაში“ ფარგლებში გაიმართა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.