„თვითმარქვია ავტოსკოლები და მართვის მოწმობის გაცემის თაღლითური სისტემა“ - გაზრდილი ავტოსაგზაო შემთხვევები ქვეყანაში

მართვის მოწმობების გაცემის სისტემა აუცილებლად უნდა შეიცვალოს და ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოვდეს - ამის შესახებ „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მართვის მოწმობები დღეს ადვილად, თაღლითურად, „კოდირების“ გზით გაიცემა, რაც ჩვენს გზებზე უცოდინარ ადამიანებს ამრავლებს.

„გამოცდას აბარებენ თაღლითურად ე.წ. "კოდირების" გზით და საბოლოოდ გამოცდის ჩაბარება (მართვის მოწმობის აღებით) შეუძლია სრულიად უცოდინარ ადამიანს. ანუ, დღეს არსებული საგამოცდო სისტემა არის ხელშემწყობი იმისა, რომ უცოდინარმა აიღოს მართვის მოწმობა. ამაში აქტიურად არიან ჩართულები თვითმარქვია ავტოსკოლები, რომლებიც მართვის მოწმობის მაძიებელს "კოდირების" მეთოდის გამოყენებით ამზადებენ,“-აღნიშნავს მესხიშვილი.

მესხიშვილმა პრესკონფერენციაზე საგზაო უსაფრთხოების სფეროში მომუშავე სხვა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ავტოსაგზაო შემთხვევების გაზრდილ რაოდენობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არასამთავრობო სექტორი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს.

სამოქალაქო სექტორის ცნობით, 2018 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში მოხდა 4 196 საგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც დაიღუპა 307 ადამიანი და დაშავდა 5 989 პირი. მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საქართველოში საგზაო შემთხვევათა რაოდენობა 7%-ით (292 შემთხვევით) დაშავებულობა კი 8%-ით (443 პირით) გაიზარდა.