მთავრობის მიერ მიღებული „სამშენებლო პროდუქტების შესახებ რეგლამენტი“, რომლის მიხედვითაც მშენებლებს ხმაურის რეგულირება, ენერგოეფექტური და გაცილებით უფრო მდგრადი მასალების გამოყენება ევალებათ, ბინების ფასებს 7-დან 30 %-მდე გააძვირებს.ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ დეველოპერებმა განუცხადეს.
მათი თქმით, მშენებლებს ენერგოეფექტური მასალების გამოყენება ნაწილობრივ უკვე დაწყებული აქვთ, თუმცა როდესაც საუბარია ყველა მშენებლობაზე ენეროეფექტური მასალების სავალდებულო გამოყენებაზე, ხმის რეგულირებასა და ისეთ სამშენებლო მასალებზე, რომლის დემონტაჟის შემდეგ განმეორებით გამოყენებას ან გადამუშავებას უნდა ექვემდებარებოდეს, ეს მშენებლობის ხარჯებს გაზრდის, რაც პირდაპირ აისახება უძრავი ქონების ფასზე.
როგორც ცნობილია, 15 ნოემბრიდან „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ ამოქმედდება. რეგლამენტში გაწერილია ის ძირითადი მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილებაც მშენებლებს სამშენებლო ობიექტებზე მოუწევთ.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ამ რეგლამენტის ამოქმედებით შემოვა, ეს არის სამშენებლო პროცესებით გამოწვეული ხმაურის რეგულირება. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, სამშენებლო ობიექტები უნდა დაპროექტდეს და აშენდეს იმგვარად, რომ მობინადრეების ან მიმდებარედ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობას და ნორმალურ საცხოვრებელ პირობებს, მათ შორის, ძილის მოსვენების და მუშაობის პირობებს ხმაურისგან საფრთხე არ უნდა ექმნებოდეს.
ამასთან, როგორც ტექნიკურ რეგლამენტშია აღნიშნული, სამშენებლო სამუშაოები უნდა იყოს ენერგოეფექტური, მათი მშენებლობისა და დემონტაჟის დროს შეძლებისდაგვარად მცირე ენერგია უნდა გამოიყენებოდეს.
„სამშენებლო ობიექტი უნდა დაპროექტდეს და აშენდეს იმგვარად, რომ ექსპლუატაციის პერიოდში არ წარმოშობდეს ისეთ მიუღებელ რისკებსა და საფრთხეებს როგორებიცაა: დაცურება, დაცემა, შეჯახება, დამწვრობა, ელექტროობისგან მიღებული დაზიანება, ასევე აფეთქებისგან მიღებული დაზიანება და ასევე ძარცვასთან დაკავშირებული რისკები. ამასთან, სამშენებლო ობიექტები უნდა უზრუნველყოფდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სამშენებლო ობიექტებზე შეღწევადობასა და სარგებლობას.
სამშენებლო ობიექტები და მათი გათბობის, კონდიცირების, განათებისა და ვენტილაციის მოწყობილობები უნდა დაპროექტდეს და აშენდეს იმგვარად, რომ მობინადრეების რაოდენობისა და ადგილობრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ექსპლუატაციისთვის აუცილებელი ენერგიის მოცულობა იყოს მინიმალური. სამშენებლო ობიექტების დაპროექტება, აშენება და დემონტაჟი უნდა მოხდეს ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენების პირობებში, კერძოდ, შესაძლებელი უნდა იყოს: ა) დემონტაჟის შემდეგ სამშენებლო ობიექტების ნაწილებისა და მასალების განმეორებით გამოყენება ან გადამუშავება; ბ) სამშენებლო ობიექტების მდგრადობის შენარჩუნება; გ) გარემოსთან თავსებადი ნედლეულის და მეორადი მასალების სამშენებლო ობიექტებში გამოყენება,“-აღნიშნულია რეგლამენტში.
სამშენებლო კომპანია „რედკოს“ პროექტების მენეჯერი მალხაზ კუნელაური ამბობს, რომ ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ცვლილებები კარგია, თუმცა ეს ხარჯებს გაზრდის, შესაბამისად, ბინების ფასი 20-30%-ით მოიმატებს.
„ენერგოეფექტური სახლები და ინოვაციური მასალების გამოყენება, რა თქმა უნდა, ცუდი არ არის, მაგრამ თუ ეს სავალდებულო იქნება, ერთმნიშვნელოვნად გამოიწვევს უძრავი ქონების გაძვირებას. ჩვენც ვეცდებით, რომ გადავეწყოთ ახალ სტანდარტებზე. თუმცა გარკვეულწილად ახლაც ვახორციელებთ ენერგოეფექტური სახლების მშენებლობას. ძირითადად, ეს არის გარე ფასადების სამუშაოები, მითუმეტეს ისეთ საკურორტო ტერიტორიებზე, როგორიცაა გუდაური. სადაც ყინვა და ნალექია, ეს აუცილებელიცაა. რაც შეეხება თბილისს, თუ ეს სავალდებულო იქნება ალბათ, მოუწევს ყველა კომპანიას ამ სტანდარტზე გადასვლა. ვინც ვერ შეძლებს, თავს დაანებებს მშენებლობას. მაგრამ, ვფიქრობ ხარისხი გაუმჯობესდება“,-აცხადებს მალხაზ კუნელაური.
რაც შეეხება, ხმაურის რეგულირებასა და ისეთ სამშენებლო მასალებს, რომელიც განმეორებით გამოყენების ან გადამუშავების შესაძლებლობას იძლევა, „რედკოს“ პროექტების მენეჯერი ამბობს, რომ ნებისმიერი მსგავსი ცვლილება, უძრავი ქონების ფასზე აისახება.
„ყველა ასეთი მოცემულობა ფასს ერთმნიშვნელოვნად გააძვირებს. ყველა ახალი სტანდარტი და თანამედროვე, თბოეფექტური და ინოვაციური პროდუქტი გაცილებით ძვირია. დაახლოებით რომ გითხრათ, რასაც გუდაურში ვაკეთებთ, ფასადების დათბუნება ორჯერ უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე სტანდარტული. ვერ ვიტყვი, რომ ბინების ფასსაც გააორმაგებს, რადგან ფასადის ნაწილი სამშნებლო სამუშაოების მხოლოდ ნაწილი, თუმცა ამ კომპონენტის ფასის მატება, საერთო პროდუქტის ფასზე აისახება და დაახლოებით, 20-30%-ით გაზრდის“,-აცხადებს მალხაზ კუნელაური.
რეგულაციებით ხარისხის გაუმჯობესებაზე აკეთებს აქცენტს სამშენებლო კომპანია „ივერიონის“ დამფუძნებელი არჩილ ჯაყელიც. თუმცა, ეს უძრავი ქონების ფასს რომ გაზრდის, არც ამას უარყოფს.
„ენერგოეფექტური მასალები მისაღებიც არის და მთელი მსოფლიო ასეთ მასალაზეა გადასული, თუმცა ფასზე ცვლილება იქნება. ხმაურის რეგულირება ცოტა რთული საკითხია, ისევე, როგორც მასალის ხელმეორედ გამოყენება. მაგალითად, როდესაც კორპუსის დემონტაჟი ხდება, ალმატურას ისედაც იყენებენ ხელმეორედ, მაგრამ ეს მიუღებელია და ასე არ უნდა ხდებოდეს. ასევე ხელმეორედ იყენებენ აგურსაც, მაგრამ ის გამოსადეგი და კარგი მასალაა. ბლოკს ხელმეორედ ვერ გამოიყენებ. ამიტომ, ეს ნაწილი ცოტა ბუნდოვანია. რა თქმა უნდა, ეს უძრავი ქონების ფასს გააძვირებს, მაგრამ ხარისხს აამაღლებს. ჩვენ რეგულაციების გარეშეც ვცდილობთ თბოეფექტურ და ინოვაციურ მასალებზე გადავიდეთ, რადგან მოთხოვნა ასეთ ბინებზეა. საერთო ჯამში, თუ ეს რეგულაციები სავალდებულო იქნება, ბინები სავარაუდოდ 7-10%-მდე გაძვირდება“,-აცხადებს არჩილ ჯაყელი.