გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის თანახმად, საქართველოს პოზიცია ერთი საფეხურით გაუმჯობესდა.
ანგარიშში 140 ქვეყნის კონკურენტუნარიანობაა შესწავლილი, რომელთა შორისაც საქართველოს პოზიცია, შარშანდელთან შედარებით, გაუმჯობესებულია და ის 66-ე ადგილს იკავებს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2018 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის“ მიხედვით, წინა წელთან შედარებით საქართველოს ქულა 1.1 პუნქტით გაუმჯობესდა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ანგარიშში მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური ცვლილებები განხორციელდა, კერძოდ რეიტინგიდან ამოღებულია სხვადასხვა ინდიკატორები და დაემატა ახალი ინდიკატორები. ასევე შეიცვალა ქვეყნების შეფასების შკალა და მაქსიმალური 7 ქულიანი შეფასება 100 ქულით ჩანაცვლდა.
2018 წლის რეიტინგში მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები დაფიქსირდა სხვადასხვა მიმართულებებით, კერძოდ 12 ინდიკატორში საქართველოს სარეიტინგო ქულები 8 მიმართულებით გაუმჯობესდა და მხოლოდ 4 ინდიკატორში შემცირდა. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოს ერთ-ერთი უმაღლესი შეფასება აქვს და 86.3 ქულით მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის 29-ე პოზიციაზეა.
რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოზე უკეთესი პოზიცია აქვთ რუსეთს, ყაზახეთსა და თურქეთს. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ის ინდექსში 69-ე, სომხეთი - 70-ე, ხოლო უკრაინა - 83-ე პოზიციაზეა.