Volkswagen AG-ის კუთვნილი პრემიუმ ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Audi მიუნხენის პროკურატურის მიერ დაკისრებულ ჯარიმას - 800 მილიონ ევროს გადაიხდის.
საქმე ეხება „დიზელგეიტის“ სკანდალს, რომელიც საავტომობილო კომპანიაში უკვე სამი წელია გრძელდება და თავად Audi-ის დიდი ხნის ხელმძღვანელი რუპერტ შტადლერი კი ივნისში ციხეში აღმოჩნდა.
ჯარიმა ითვალისწინებს პირდაპირი სახით 5 მილიონით დაჯარიმებას და დანარჩენი 795 მილიონის კომპანიის შემოსავლებიდან დაკავებას, რომელიც მან ამ ძრავების გაყიდვებიდან მიიღო. Audi-ში აღიარებენ, რომ ჰქონდათ ნორმატივებიდან გადაცდენა.
ამ განჩინებამ დახურა კიდევ ერთი თავი დიდი ხნის საგამოძიებო საქმეში, რომელიც Volkswagen-ში დიზელის რეგულაციების დარღვევის გამო 2015 წელს დაიწყო. თავად Volkswagen-მა ჯერ კიდევ ივნისში ბრაუნშვაიგის პროკურატურისგან აიღო ვალდებულება 1 მილიარდის ჯარიმის გადახდაზე.
მიუხედავად Audi-ზე გავრცელებული ინფორმაციისა, Volkswagen-ის აქციებზე ფასი დღევანდელი მონაცემებით 3%-ით არის გაზრდილი, თუმცა ორივე კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ მოცულობის ჯარიმა მათ ფინანსურად მნიშვნელოვნად დააზარალებთ.