„ტესლა“ ავტოპილოტის ახალი ჩიპის წარმოებას იწყებს

„ტესლას“ მთავარმა აღმასრულებელმა ილონ მასკმა თავის ტვიტერზე გამოაცხადა, რომ მალე მისი კომპანია ახალი ჩიპის წარმოებას დაიწყებს, რომელიც ავტოპილოტის სისტემების შესაძლებლობებს გააუმჯობესებს.

„ტესლა“ ახალი ჩიპის თავის ელექტრომობილებზე გამოყენებას ექვს თვეში დაიწყებს.

„ექვსი თვეც და მის გამოყენებას ახალ ავტომობილებზე დავაყენებთ. სენსორები არ შეიცვლება. ეს უბრალოდ, ავტოპილოტის კომპიუტერის ჩანაცვლება იქნება. და ამას ისე გავაკეთებთ, რომ მათთვის, ვინც სრული ავტონომიური ტექნოლოგია შეუკვეთა, ფასი არ შეიცვლება“, - წერს მასკი.

მისივე თქმით, ახალი ჩიპი „ტესლას“ ავტომობილების ავტოპილოტს, 500-დან 2 000 პროცენტამდე გააუმჯობესებს. მათთვის, ვინც სრული ავტონომიური სისტემა არ შეუკვეთა, ახალი ჩიპის დაყენება ავტომობილს 5 000 დოლარით გააძვირებს.

„ტესლას“ ავტოპილოტი არის დამხმარე სისტემა, რომელიც მართვის ზოგიერთ ფუნქციას ასრულებს და მძღოლებს იმის საშუალებას აძლევს, რომ ხელი საჭეს მოაცილონ. თუმცა „ტესლა“ აცხადებს, რომ ამის მიუხედავად, ავტოპილოტის მუშაობის დროსაც, მძღოლებს ხელები მუდმივად საჭეზე უნდა ჰქონდეთ.